ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზე – აშშ-ში, მისი ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან – „Colangelo & Partners“ ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოარცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, კომპანიის colangelo & partners ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, დაგეგმილია ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ მიმართულებებს ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნისა და გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად. არსებული აქტივობების პარალელურად, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ამერიკელი მომხმარებლების ჩართულობის ზრდას.
„Colangelo & Partners“-ის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.