Teatro Nuovo Giovanni da Udine- ს სცენაზე ლინა წიკლაურის დებიუტი შედგა

2 მარტს, იტალიის ქალაქ უდინეში, Teatro Nuovo Giovanni da Udine- ს სცენაზე კონსერვატორიელი ლინა წიკლაურის დებიუტი შედგა. შტრაუსის ოპერეტა “ღამურაში” მან ადელის როლი შესანიშნავად შეასრულა და მაყურებლის ხანგრძლივი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

კრიტიკოსთა შეფასებით მისი ვოკალი იყო “მოხდენილი, ბროლივით წმინდა და ტექნიკურად უბადლო.”

მარიამ ლინა წიკლაურმა დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი /ნიჭიერთა ათწლედი/, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა სოლო სიმღერის სპეციალობით. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დადგმებში შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები: ქეთო – ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეში“, სუზანა – მოცარტის ოპერაში „ფიგაროს ქორწინება“, პაპაგენა – მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, ჯილდა – ვერდის ”რიგოლეტო“, ლაურეტა და მუზეტა პუჩინის ოპერებიდან „ჯანი სკიკი“ და „ბოჰემა“. 2023 წელს ჰქონდა მეტად წარმატებული დებიუტი ევროპაში – მიიწვიეს შვეიცარიაში, ტიჩინოს საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც შეასრულა ელიზეტას მთავარი პარტია  დ. ჩიმაროზას ოპერაში „საიდუმლო ქორწინება“, 2024 წელს იტალიის ქალაქ მონცას ოპერის მიწვევით შეასრულა ნორინას პარტია დონიცეტის ოპერაში „დონ პასკუალე“, იგივე პარტია, ოღონდ განსხვავებული დადგმით შეასრულა ლუქსემბურგის საოპერო თეატრში. მონაწილეობდა არაერთ კონცერტში, მათ შორის, კონფლიქტისპირა რეგიონებში გასვლით კონცერტებში თბილისის ოპერის თეატრის დასთან ერთად.

ლინა წიკლაური