მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ITB Berlin-ის გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების, PR კომპანიებისა და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

ITB Berlin-ის 3-დღიან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენაზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ITB Berlin-ის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს უცხოელ კოლეგებთან.

გამოფენაში შემდეგი ქართული კომპანიები მონაწილეობენ: ჯინო სისაიდ თბილისი, თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი უინდჰემ, პრომეთეა ვოიაჟი, ომნესტური, სილქ ჰოსფითალითი, სასტუმრო ბილტმორ თბილისი, ლივინგ რუთსი, ვაიმე თრეველი ჯორჯია, კავკაზუს თრველი, ვიზიტ ჯორჯია, სასტუმრო ორბი სითი, ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი, გეორგიკა თრეველი, ჯორჯია ინსაითი, ჯორჯიან კაპიტალი, ჯორჯიან ინსაიდერი, ჯორჯიან თრეველ გრუპი, ეგზოტური და მით ინ ჯორჯია.

საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ.

წლევანდელ ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.