ამ საქმით სერიოზულად რომ დაინტერესდა, ბაჩო ცანავა ოცი წლის იყო, წარმატებასაც მალევე მიაღწია. სამხატვრო აკადემიაში იმიტომ ვერ ჩააბარა, რომ… ხატვა არ იცოდა, რადგან თავის საოცარ ნამუშევრებს ესკიზების გარეშე ქმნის. მისი უნიკალური თოჯინების უმრავლესობა დღეს სამუზეუმო ექსპონატია და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, ბათუმისა და თბილისის თოჯინების მუზეუმებში ინახება. დღეს ამ საქმეს სხვებსაც ასწავლის და ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამაში “თოჯინების ისტორია”. ამ მასალაში კი მისი ისტორიაა იმაზე, თუ როგორ იქცა პროფესიით ვეტერინარი „თოჯინების მიქელანჯელოდ“…
– იტალიაში რომ ჩავსულიყავი, ამაში საქართველოში ვატიკანის ელჩი დამეხმარა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე გამორჩეული პერიოდი, მაშინ ნეაპოლში, საქართველოში ვატიკანის ელჩი, კლაუდიო გუჯეროტი იყო. იტალიაში მსოფლიოში ცნობილ კაპო დე მოტეს სამეფო ფაიფურზე ვმუშაობდი და საოცარ ადგილას ვცხოვრობდი. ეს იყო ძველებური სასახლე – თავი ზღაპარში მეგონა. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ იტალიაში როგორც ხელოვანი საბოლოოდ ჩამოვყალიბდი.
– ასეთ შედევრებს მართლა ისე ქმნი, რომ ხატვა არ იცი?
– დიახ, ხატვა მართლა არ ვიცი და თოჯინებზე ესკიზების გარეშე ვმუშაობ. რადგან ხატვის გარეშე აკადემიაში ვერ მოვხვდებოდი, გადავწყვიტე, რომ ვეტერინარულზე ჩამებარებინა, თანაც, ძალიან მიყვარს ცხოველები. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ქვეწარმავლის მეშინია. თუმცა ვაღიარებ, რომ ერთი ფობია მაინც მაქვს: ფრინველების ბუმბულის მეშინია და მათ ვერ ვეხები. ცხოველების სიყვარულის გამო ფართო პროფილის ვეტერინარ-ექიმი გავხდი.
– ძალიან პატარა, 20 წლის ვიყავი როდესაც ჩემი ნამუშევარი ხელოვნების სასახლეში მოხვდა. დროზე მივხვდი, რომ ასეთ წარმატებას არ უნდა გავეყოყოჩებინე, რაც ჩვენში ხშირად ემართებათ ხოლმე. თუკი ჩათვლი, რომ ძალიან მაგარი ხარ, შენი შემოქმედებაც იქვე დამთავრდება. თუმცა, არასწორად არ გამიგონ, მაგრამ სტიმულიც სჭირდება ყველას, ვისაც ხელოვნებასთან შეხება აქვს. სამწუხაროდ ის ხალხი, ვინც ამ სტიმულს მაძლევდა, ცოცხლები აღარ არიან. ჩემი თოჯინები დღეს საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია და ამ ამბით ძალიან ბედნიერი ვარ.
– თოჯინებზე მუშაობა ძალიან შრომატევადი პროცესია, რაიმე განსაკუთრებული პირობა ხომ არ გჭირდება იმისთვის, რომ კარგად იმუშაო?
– თითო თოჯინას ზოგჯერ თვეები სჭირდება, ეს ძალიან საინტერესო, მაგრამ შრომატევადი პროცესია და მისთვის მართლა მჭირდება განსაკუთრებული გარემო. მაგალითად, როცა ვმუშაობ, იმ დროს კლასიკურ მუსიკას ვუსმენ ხოლმე და თანაც, მუსიკა ბოლო ხმაზე მაქვს აწეული. ასე რომ, მთელმა კორპუსმა იცის, რომ იმ დროს ვმუშაობ და თქვენ წარმოიდგინეთ, პროტესტს არ გამოთქვამენ.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თოჯინა „გაჯიუტებულა“ და მისი გარეგნობაში ცვლილებები თავად მას „შეუტანია“?
– როდესაც მასალას ხელში ვიღებ მე და პერსონაჟი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში ვართ ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის იმარჯვებს. მე უბრალოდ მასში სულს შთავბერავ და ხასიათის გამოვლენაში ვეხმარები. მინდა გავიხსენო ჩემი ერთი პერსონაჟი ქალი, რომელიც სხვა თოჯინებზე ადრე დავიწყე, მაგრამ ყველაზე ბოლოს დავამთავრე. რაღაც ეტაპზე გავჩერდი კიდეც, რადგან ვერ მივხვდი სად „მიდიოდა“. მიუხედავად იმისა, რომ გამაწვალა, ის ქალბატონი მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს, თავისი სპონტანურად მოხვეული თავსაბურავით.
– სავარაუდოდ, შენი ფავორიტი ბიჭი – თოჯინა კუზა უნდა იყოს...
– პორტრეტულ თოჯინებს თუ გიკვეთავენ?
– უამრავი ცნობილი და არაცნობილი ადამიანის პორტრეტი მაქვს შეკვეთით დამზადებული. ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. როდესაც პორტრეტულ თოჯინას მიკვეთავენ, დამკვეთს ფოტოთი ვხვდები და მაშინვე ვეუბნები გამოვა თუ არა. თუ ტიპაჟი ვერ დავიჭირე, მსგავსება არაფრით გამოვა. ამიტომ ყოფილა შემთხვევები, როცა სოლიდური თანხის მიუხედავად, უარი მითქვამს. როცა დამკვეთს ვუხსნი ხოლმე თუ რატომ ვეუბნები უარს, ზოგი ამას გაგებით ეკიდება, ზოგსაც სწყინს. თუმცა ვერაფერს ვიზამ, არაფრის გამო არ მინდა, რომ ავტორიტეტი შემელახოს.
– დღეს თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში მუშაობ, რადგან სიძველეები გიყვარს, როგორ მოქმედებს შენზე იქ არსებული ისტორიული გარემო?
– უკვე ცხრა წელია, რაც მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელი ვარ. მიყვარს ეს გარემო, სიძველეები, რაც გამოფენილია, მათი სურნელიც კი განსაკუთრებულ განწყობას მიჩენს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ძველი, ისტორიული ნივთების საშუალებით შეხება მქონდეს ისეთი ადამიანების ცხოვრებასთან, როგორებიც იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, ზაქარია ფალიაშვილი და სხვები. ამასთან ერთად თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის პედაგოგი და გიდი ვარ. ეს მუზეუმი უნიკალურია მთელ საქართველოში თავისი ისტორიითა და ექსპონატებით. მოკლედ, ჩემი ცხოვრება თოჯინების ხელოვნებითაა გარემოცული და მიხარია, რომ 60 -იანი წლების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც საქართველოში თოჯინურ კულტურას პოპულარიზაციას უწევს.
– დღეს პედაგოგიც ხარ და წლებია, რაც დეფანის ხელოვნების სახლში თოჯინების დამზადების ხელოვნებას ასწავლი. რა უფრო რთულია, თოჯინები გააკეთო თუ მათი გაკეთება ასწავლო?
– დიახ, შაბათობით იქ ვასწავლი. ძალიან ბევრ ნიჭიერ და საინტერესო ადამიანს შევხვდი. პედაგოგობა საკმაოდ რთულია. გარდა იმისა, რომ შენი საქმის პროფესიონალი უნდა იყო, ადამიანებთან, განსაკუთრებით მოზარდებთან ურთიერთობა უნდა შეგეძლოს. მე მათ როგორც მოზრდილ ადამიანებს, თქვენობით ვესაუბრები და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამომეჩინა, ან პირიქით. ვცდილობ თითოეული მათგანის ხასიათი ამოვიცნო და ეს საქმე მათ არა მარტო შევასწავლო, შევაყვარო, რათა თოჯინების დამზადება მათთვის დამღლელი და მომაბეზრებელი არ იყოს. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, საოცრებებს სჩადიან, მე კი სრულ შემოქმედებით თავისუფლებას ვანიჭებ, რათა მათ ფანტაზიას ფრთები არ შეეკვეცოს.
– თუ არ ვცდები, პირველი ხარ, ვინც ჩვენში მეთოჯინის გარეგნული სტერეოტიპი დაამსხვრია. ვიზუალურად კარგად ნავარჯიშევ სპორტსმენს ჰგავხარ…
– ბავშვობიდან მომწონდა ძალოსნური სპორტი, ადრე კრივშიც ვვარჯიშობდი, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხელების დაზიანებას მოვერიდე. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე, რომ სიახლე მჭირდებოდა, ამიტომ ჩემი კორპუსის წინ მდებარე სპორტდარბაზს მივადექი. ავიყვანე მწვრთნელი და უკვე ექვსი წელია ვვარჯიშობ. ამან გარეგნულად ძალიან შემცვალა, თანაც ისე, რომ ძველი ნაცნობები ვეღარ მცნობენ. ადრე, ინტერნეტში, როცა სპორტდარბაზში გადაღებულ სხვების ფოტოებს ვხედავდი, ცოტა არ იყოს, გამომწვევად მიმაჩნდა ეს და მაღიზიანებდა. დღეს კი, სოცქსელების ჩემს გვერდზე თოჯინებზე მეტი ნახევრად შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ჩემი ფოტოებია…
– დიახ და ამასთან დაკავშირებით ბევრი კურიოზი მახსენდება. ზოგი მწერს – ვერ გავიგე თქვენ მეთოჯინე ხართ თუ სპორტსმენიო? ბევრჯერ ვარჯიშის დროს, მოსულან და გაკვირვებით უკითხავთ: გუშინ ტელევიზიით თოჯინებზე თქვენ საუბრობდითო? მე კი ის მიკვირს – რატომ ფიქრობენ, რომ რახან თოჯინებს ვაკეთებ აუცილებლად ფემინური გარეგნობის უნდა ვიყო?!. განსაკუთრებით მოზარდები ვერ მალავენ გაოცებას, როდესაც სკოლაში პროფესიულ თემაზე სასაუბროდ მივდივარ, გაოცებული მიყურებენ.
– როგორ არწმუნებ მათ, რომ გარეგნობა პროფესიას არ განსაზღვრავს?
– მათ ვუხსნი, რომ არ არსებობს კაცის და და ქალის პროფესიები და ეს თემა ადრე ცოტა დამახინჯებულად გვესმოდა. შეიძლება გქონდეს გავარჯიშებული კუნთები, 100 კილო შტანგას წევდე და ამავე დროს თიხისგან ნაზ ელფებს აკეთებდე. მთავარია, შენი საქმე იცოდე კარგად და რაც მთავარია, გიყვარდეს. სხვათა შორის ვარჯიში ბევრ ჩემს მეგობარს დავაწყებინე, რაც ძალიან მახარებს.
– შენს რომელიმე თოჯინასთან „მშობლიური“ კავშირი თუ გიგრძნია, რის გამოც მას ვერასოდეს შეელევი?
თეონა გოგნიაშვილი