გაკვეთილები ჩარჩოს გარეშე და პანდემიის „როლი“ სწავლის ინოვაციური ფორმის დანერგვაში

ერთხელ, უინსტონ ჩერჩილს განუცხადებია: „სკოლის პედაგოგებს აქვთ ძალაუფლება, რომელზედაც პრემიერმინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათო.“ ჩერჩილის ამ სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გალინა ქასოშვილი, უკვე 38 წელია, რაც „პრემიერ-მინისტრის“ ძალაუფლებას მომავალი თაობების სასიკეთოდ იყენებს. ის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელია და ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

როცა სკოლაში პირველი გაკვეთილი ჩაატარა, მაშინ სწავლების განსხვავებულ ფორმებზე საუბარი დაწყებულიც არ იყო. ამის მიუხედავად, წლების წინ ჩატარებული მისი გაკვეთილები როგორც დღეს ამბობენ, საკმაოდ ინოვაციური გახლდათ. ამიტომაც, მისთვის მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო სამიტზე მონაწილეობა, რომელზედაც სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგები ერთმანეთს გაუზიარებენ წარმატებებს,  რომლებსაც საკუთარი გამოცდილების შედეგად მიაღწიეს.

– გალინა, საუბრის დასაწყისშივე გკითხავ – ვისი დამსახურებაა, შენს სფეროში წარმატებული რომ ხარ?

პროფესიულ არჩევანს ჩემს მასწავლებელს, ნათელი სულის ადამიანს, აწ გარდაცვლილ, ქეთო ალექსიძეს ვუმადლი. ის, რაც დღეს ინოვაციად ითვლება, მის გაკვეთილზე ჩვეულებრივი აქტივობა იყო. ეს იყო გაკვეთილები ჩარჩოს გარეშე, რადგან მის მოსწავლეებს აზრის გამოთქმის თავისუფლება გვქონდა. მახსოვს, ერთ გაკვეთილზე როგორ „გავასამართლეთ“ მეფე გიორგი. სკოლის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში ლიტერატურულ გმირებს ვაცოცხლებდით, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურა შეგვყვარებოდა. ჩემი პირველი გაკვეთილი მასწავლებლის სტატუსში 23 წლის ასაკში ჩავატარე. მაშინვე დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

– რასაც ადრე ეძახდით გაკვეთილებს ჩარჩოს გარეშე – თანამედროვე ენით ამას ალბათ სწავლების ინოვაციური ფორმა ჰქვია, რა მოთხოვნები დგას თანამედროვე სკოლის წინაშე?

თანამედროვე სკოლაში სწავლობენ 21-ე საუკუნის მოსწავლეები, რომლებსაც მუდმივად განახლებადი მოთხოვნები აქვთ. მათ ძველისგან განსხვავებული გარემო და ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდებათ, ამისთვის მასწავლებლებიც მუდმივად უნდა ვვითარდებოდეთ. მახსოვს, როდესაც „ჯი პრაიდის“ პროექტი შემოვიდა სკოლებში, მაშინვე აქტიურად ჩავერთეთ. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ დაწყებითი განათლების პროექტი G-Pried – ამერიკის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. მაშინ  უამრავი რესურსი, სწავლების ახალი სტრატეგიები და მიდგომები გამოგვიჩნდა.

– მოსწავლეებმა როგორ მიიღეს ის?

გაკვეთილები იმდენად ცოცხალი და საინტერესო გახდა, რომ მოსწავლეები ყოველი გაკვეთილის დაწყებისას კართან მხვდებოდნენ და მეკითხებოდნენ: მასწავლებელო, დღეს „ჯიპრაიდული“ გაკვეთილი გვექნება თუ „უბრალოო“? ეს უკანასკნელი მათთვის ყოველდღიური რუტინა იყო. ეს შემთხვევა გამახსენდა იმის დასტურად, თუ როგორი აუცილებელია, რომ სიახლეებს მივყვეთ. ინოვაცია გულისხმობს ახალი იდეის შესაბამისობას თანამედროვე მოთხოვნებთან, ორიგინალობა კი, ინოვაციის აუცილებელი ნაწილია. ყოველი ახლის შექმნა ძველზეა დაფუძნებული და გენიალურობაც სიმარტივეშია. რადგან ჩვენი მოსწავლეები სკოლის მერე უმაღლეს სასწავლებლებში მიდიან, მათი სწავლისა და უნარების დონე გარკვეულად ჩვენზეცაა დამოკიდებული. დღის წესრიგში ჰიბრიდული სწავლების შესაძლებლობებია.

– შეიძლება ითქვას, რომ თავის დროზე სკოლები ახალი გამოწვევის წინაშე პანდემიამ დააყენა?

დიახ, თავის დროზე ახალი გამოწვევის წინაშე პანდემიამ დაგვაყენა. თითქმის ცარიელი ხელით დავიწყეთ ამ გამოწვევასთან გამკლავება, მაგრამ ერთსულოვნებით შევძელით, რომ არც გაკვეთილზე მყოფ მოსწავლეს მოვაკელით ყურადღება და არც ონლაინ ჩართულს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამით სასწავლო პროცესის ხარისხი არ დაზარალდა. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და ჰიბრიდული სწავლების გამოცდილება კონკრეტულ სიტუაციაში დღეს ისევ გამოგვადგა. ახალი სკოლის მშენებლობის გამო სწავლას სხვა სკოლაში ვაგრძელებთ. სასკოლო დროის დეფიციტის გამო კლასგარეშე და პროექტული სწავლება ონლაინ სწავლებაზე გადავიყვანე. ასე, რომ ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილების გაზიარება განათლების სამიტის მონაწილე კოლეგებისთვის მეც შემიძლია.

– ამ სამიტისგან რას ელოდებით?

ეს სამიტი ჩემთვის კიდევ ერთი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ, რომ მასზე გაჟღერდება ისეთი იდეები, რომელთა სკოლებში დანერგვითაც მომავალ თაობას უკეთეს სასკოლო გარემოს შევუქმნით. დღეს ისე სწრაფად მიდის გლობალური პროცესები, რომ შეუძლებელია მარტომ შეძლო გამოწვევებისა და ინოვაციების დანერგვა. მე მაქვს იმის საკმარისი გამოცდილება, რომ მსგავს პროფესიულ შეხვედრებზე ნასწავლი ბევრი სიახლე საკლასო ოთახში, გაკვეთილებზე დამენერგა. ეს სამიტი კი, ვფიქრობ, განსხვავებულია იმით, რომ მასში ბევრი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი და მათ შორის, ქართველი მასწავლებელი მონაწილეობს, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ.

–  ბოლოს, კითხვა-ლირიული გადახვევის სახით, გაიხსენე სიტყვები, რომელიც შენი, როგორც მასწავლებლის უმაღლეს შეფასებად შეიძლება ჩაითვალოს? 

ყველაზე ბედნიერი ვარ იმ დღეს, როდესაც პატარები ზარის ხმის გაგონების შემდეგაც არ წყვეტენ მუშაობას და წუხან -რა მალე დაირეკა ზარიო. გაკვეთილამდე მოსმენილი ეს სიტყვები: „რა კარგია, მას, დღეს თქვენი გაკვეთილი რომ გვაქვს“- ალბათ ჩემი შრომის ყველაზე მაღალი შეფასებაა…

თეონა გოგნიაშვილი