მის ცხოვრებაში დაუჯერებელი ამბები დღემდე გრძელდება… თავიდან ცნობილი გახდა როგორც ჟურნალისტი, ტელე და რადიო გადაცემების წამყვანი და სარეკლამო სფეროს სპეციალისტი. ტელესივრცეში წარმატების მიღწევაში ალბათ ძირითადი პროფესიის, ფსიქოლოგის უნარ-ჩვევებიც დაეხმარა. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე ოცი წელი იმუშავა. პოპულარობა მოუტანა საავტორო გადაცემამ „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“, რომლის წამყვანიც თავად იყო. საუბარია დალი ფრიდონაშვილზე.
ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს, იქნებ, სწორედ დაუჯერებელი ამბებისადმი მისმა ინტერესმა გააბედინა ის, რომ ხელში ფუნჯი აეღო და ყველას გასაოცრად, ხატვა დაეწყო. მისი მცდელობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე სადავოა – რომელ სტატუსში უფრო კარგად იცნობენ: როგორც მხატვარს, თუ როგორც ტელეჟურნალისტს ან მარკეტოლოგს. აქვე გეტყვით, რომ დღემდე არა ერთ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ნამუშევრები კერძო კოლექციებში ინახება საქართველოში და უცხოეთის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, იტალია, ესპანეთი, გერმანია, ანდორა, ირლანდია, ინგლისი, აშშ და სლოვენია. სიცილიაში მისმა ნახატმა „მეოცნებე ქალის პორტრეტი“ უცხოელ კრიტიკოსთა ჯილდო დაიმსახურა. ეს მასალაც შეიძლება ითქვას, რომ მეოცნებე ქალის პორტრეტია, ოღონდ, თავად მხატვრის ვერბალური პორტრეტი.
– როცა 1986 წელს თბილისის ფილოსოფია – ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, სამსახურის ძებნა დავიწყე, თუმცა უშედეგოდ, რადგან ფსიქოლოგის ვაკანსია ძალიან რთული საპოვნელი იყო. სამსახურის ძებნის დროს, 1987 წელს, მოვხვდი ტელევიზიის სოციოლოგიის კვლევით ცენტრში, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა ვალერი კვარაცხელია. სწორედ მან შენიშნა ჩემში ჟურნალისტური ალღო და უნარები. მიკროფონიც პირველად მანვე დამაჭერინა. შემდეგ იმის შესაძლებლობა მომეცა, რომ საავტორო გადაცემა გამეკეთებინა, რაშიც ჩემი პიროვნული თვისებები დამეხმარა: ყოველთვის ინტერესიანი ვიყავი – მიყვარდა კითხვების დასმა და არასოდეს მაკმაყოფილებდა ზედაპირული პასუხები. სულ ძიებაში ვიყავი – განსაკუთრებით, ამოუცნობი მოვლენები და დაუჯერებელი ამბები მაინტერესებდა.
– სატელევიზიო სივრცეში წარმატება მოგიტანა პირველივე გადაცემამ, რომელიც სწორედ დაუჯერებელ ამბებზე იყო აგებული…
– გადაცემაში, რომელსაც დავარქვი – „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“ ბევრი საინტერესო, დაუჯერებელი უნარის მქონე ადამიანი გადავიღეთ. აღმოვაჩინეთ ვუნდერკინდები, რომლებიც მომავალში ცნობილი ადამიანები გახდნენ. გადაცემაში ასევე იყო დაუჯერებელი ამბები ცხოველთა სამყაროდან, მეცნიერების საოცარი აღმოჩენები და კოსმოსის ამოუცნობი მოვლენები. ცხადია, არც მფრინავი თეფშის თემა გამოგვრჩენია.
– ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ალბათ ემახსოვრება სიუჟეტი თუთიყუშზე, სახელად ყუყა, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა. მისმა საუბარმა, აზრიანმა პასუხებმა და ქცევამ ყველა გააოცა. როდესაც ყუყას ვთხოვეთ, რომ ჩვენი გადაცემის სახელი გაემეორებინა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მერე, უცებ მისგან გავიგონეთ დამარცვლით წარმოთქმული სიტყვა:.. “გა-მი-ჭირდა“, ანუ ჩვენს თხოვნაზე გააზრებულად გვიპასუხა, ეს კი მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ძალიან უცნაური ფრინველი იყო. საოცარი ისაა, რომ ერთ დღესაც, პატრონებს ადამიანივით გამოემშვიდობა – ბევრი ეფერა, შემდეგ კი დაელოდა როცა კარი გაიღებოდა, გაფრინდა და სამუდამოდ გაუჩინარდა…
– შენი, როგორც საინტერესო მხატვრის გამოჩენა ქართული საზოგადოებისთვის აღმოჩნდა ამბავი ციკლიდან – „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“…
– შესაძლოა, ასეცაა, რადგან ხატვა 2021 წლის მარტში დავიწყე და მანამდე არასდროს არაფერი დამიხატავს. თუმცა ხატვის დაუოკებელი სურვილი ყოველთვის მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს, საღებავები ავიღე და ხატვა ვცადე. მას შემდეგ გაუჩერებლად ვხატავ. ამ გზით სამყაროს სხვა თვალით ვაკვირდები, ვსწავლობ და აღმოჩენებსაც ვაკეთებ. ჩემს ნახატებშიც სწორედ ამ ძიება – აღმოჩენების და სამყაროსთან ჩემი სიყვარულის ისტორია ავსახე.
– დღემდე ოცამდე გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც სამი საერთაშორისოა. ჩემი 21-ე გამოფენა 11 მარტს სახვითი ხელოვნების მუზეუმში მექნება. ბოლო ორი წლის მანძილზე, თბილისში გამართულ არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა: „იარტ გალერეაში“, შალვა ძნელაძის მუზეუმში, „Silk Art gallery“-ში, თელავის ისტორიულ მუზეუმში. 2023 წელს კი, შალვა ძნელაძის მუზეუმში პერსონალური გამოფენა მქონდა. ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული „ონლაინ“ გამოფენებში: „Free Art space gallery-ში, “Art evolution”-ში, გამოფენა სახელად “გაზაფხული – 2024”. ასევე რომში, “Palazzo Velli Expo”-ში ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენაში. ახლახან, თებერვლის თვეში, ჩემი ნამუშევრები მადრიდში გამოიფინა. ახლა უფრო მასშტაბური პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები.
– „როცა შვილი გვერდით გყავს და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ხარ, გარშემო ყველაფერი ბრწყინავს”- ეს სიტყვები სოც.ქსელებში დაწერე, მინდა შენს ყველაზე საუკეთესო ქმნილებაზე მოგვიყვე…
– ნუკი მართლაც გამორჩეული გოგოა, ლამაზ სხეულში ლამაზი სულითა და ჭკვიანი გონებით. ძალიან მშრომელი, მიზანდასახული, თავმდაბალი და მოსიყვარულე ადამიანია. ის ბევრს ახსოვს ქართული ტელესერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან“, ყველას ეგონა, რომ მსახიობი გახდებოდა, მაგრამ მან ინტერიერის დიზაინერობა არჩია. თავისუფალი უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტის დამთავრების მერე, მაგისტრატურა მილანის დომუს აკადემიაში გაიარა. პირველივე გასაუბრებაზე ერთმა დიდმა კომპანიამ აიყვანა. იტალიურიც მალე ისწავლა და იტალიელების სიყვარულიც დაიმსახურა.
– ხატვა რომ დაიწყე, ამის სტიმულიც შვილი გახდა?
– სიმართლე გითხრათ, ხატვა ნუკის შორს ყოფნით გამოწვეული სევდის დასაძლევად დავიწყე. მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა და ხატვა რომ დამეწყო, მანვე მიბიძგა. ნუკიმ იცოდა როგორ წარმოვიდგენდი ხოლმე ლამაზ სიუჟეტებს ძილის წინ და როგორ მინდოდა მათი დახატვა. თუმცა ჩემს თავს ვეუბნებოდი – ცუდია ხატვა რომ არ ვიცი, თორემ ამ სილამაზეებს ხომ დავხატავდი მეთქი. ნუკი სულ მაძალებდა – სცადე, აუცილებლად გამოგივაო..
– შეგიძლია გაიხსენო შენთვის დაუჯერებელი ამბავი რეალობად როგორ აქციე?
– ერთ დღეს, ნუკის ოთახში საღებავები ვნახე, ისინი მისაღებში გამოვიტანე და ზუსტად სამი თვე ვუყურებდი. თან ველაპარაკებოდი და ვპირდებოდი – ცოტა მაცადეთ და თქვენთან მოვალ მეთქი. არ ვიგონებ, საღებავებს მართლა ველაპარაკებოდი. დღესაც ასეა. შეიძლება არ დამიჯეროთ და ის კუთხე, სადაც ვხატავ ხოლმე, ყველაზე ამაღელვებელი ადგილია ჩემს სახლში. სულ ახლახან თბილისში მოსულმა თოვლმა შთამაგონა და თოვლიანი ქალაქი დავხატე. იმან, რაც სოც.ქსელებში ამ ნახატის ატვირთვას მოჰყვა, მოლოდინს გადააჭარბა. ბევრმა, მათ შორის, პროფესიონალმა ამ ნახატს დადებითი შეფასება მისცა. მათი ქება ჩემთვის იმის სტიმულია, რომ სულ ვხატო და არ შევჩერდე. საერთოდ, სანამ ხატვას ვიწყებ ერთი რიტუალივით მაქვს: ჯერ ვათვალიერებ ფუნჯებს და საღებავებს, ვალაგებ და ვეფერები მათ. თითქოს ამით გადავდივარ იმ სამყაროში, სადაც ფუნჯითა და ფერებით ჯადოქრობა ხდება და სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ…
თეონა გოგნიაშვილი