2 -დან 10 მარტის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ცნობილი იტალიელი ფაგოტისტი სერჯო აცოლინი ეწვევა.
იგი მასტერკლასებს სპეციალობაში და კამერულ ანსამბლში ჩაატარებს.
სერჯო აცოლინი ფაგოტის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული, ნოვატორი შემსრულებელია. იგი დაიბადა 1967 წელს ბოლცანოში (იტალია). განათლება მშობლიურ ქალაქში, კლაუდიო მონტევერდის სახელობის კონსერვატორიაში, რომანო სანტისთან დაიწყო. მოგვიანებით სწავლა კლაუს ტუნემანთან ჰანოვერის მუსიკის უნივერსიტეტში გააგრძელა. სწავლის პარალელურად ის ევროპის გაერთიანებული ორკესტრის პირველი ფაგოტი და რამდენიმე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა. მათ შორისაა: კარლ მარია ფონ ვებერის კონკურსი, „პრაღის გაზაფხულის“ კონკურსი და ARD.
აცოლინი ათი წლის მანძილზე ცნობილ „მა–ალოტ კვინტეტთან“ (“Ma’alot Quintet”) ერთად მოღვაწეობდა. 2011 წელს მორის ბურგთან და კიმიკო იმანისთან ერთად ქმნის ტრიოს. ამავე დროს ის სოლო კარიერას მთლიანად უკავშირებს ბაროკოს ეპოქის მუსიკას და ინტენსიურად მუშაობს ძველებურ ინსტრუმენტებთან. როგორც ბაროკო ფაგოტის სოლისტი, ის ასევე თანამშრომლობს ძველი მუსიკის ანსამბლ Ensemble Baroque de Limoges – თან (ლიმოჟი, საფრანგეთი. ხელმძღვანელი – კრისტოფ კუანი), ასევე Sonatori de la Gioiosa Marca და საკუთარ ორკესტრებთან: L’Onda Armonica და La Stravaganza Köln. 2002 –-დან 2007 წლამდე სერჯო აცოლინის ეკავა გერმანული ორკესტრის Kammerakademie Potsdam სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა. 1998 წლიდან დღემდე აცოლინი ბაზელის მუსიკალური უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორია. სერჯო აცოლინი მრავალი პრესტიჟული პრემიითაა დაჯილდოებული ჩანაწერებისთვის, რომლებიც უჩვეულო სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.