საქართველოში განათლების საერთაშორისო სამიტი ჩატარდება

საუბარს ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის სიტყვებით დავიწყებ. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე მისმა სწავლებამ, რომელიც იმ დროისთვის სიახლეს წარმოადგენდა, დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და მთელ აღმოსავლეთ აზიაზე. განათლების მნიშვნელობა კონფუციმ ასე ახსნა: “თუ შენი გეგმა ერთ წელიწადზეა გათვლილი ბრინჯი დათესე; თუ გეგმა ათ წელიწადზეახეები დარგე; ხოლო თუ 100 წელზე გეგმავშვილებს განათლება მიეცი.” ქრისტესშობამდე  551 წელს დაბადებული ფილოსოფოსის ეს სიტყვები განათლების მნიშვნელობაზე აქტუალურია დღესაც, როცა ინტერნეტსივრცემ განათლების შემეცნებითი ფუნქცია, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულად, ინფორმაციულით ჩაანაცვლა. თუმცა, თანამედროვე განათლების სისტემაში მათი რაციონალური შეთავსება შესაძლებელიცაა და სასურველი

ამ თემაზე „Teachers Community Georgia“ ჯგუფის წარმომადგენელთან, ინგა ხარჩილავასთან ვისაუბრებთ,  გლობალური განათლების საერთაშორისო სამიტის დეტალებზე, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება და ცოდნის ალტერნატიულ სერვისებზე მსჯელობას ითვალისწინებს.

– ქალბატონო ინგა, ვისი ინიციატივით ტარდება გლობალური განათლების სამიტი საქართველოში?

გლობალური განათლების სამიტს (Global Education Summit) საქართველოში კურირებს ორგანიზაცია „Alert Knowledge Services“. სამიტზე განათლების სფეროს წარმომადგენლები, ნოვატორები და აზროვნების ლიდერები ერთად იმსჯელებენ ჰიბრიდული სწავლების მომავალზე, მის ინოვაციურ მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. სამიტი მიზნად ისახავს თანამედროვე საგანმანათლებლო ტრენდების გაცვლას, თანამშრომლობის გაღრმავებას და განათლების ტრანსფორმაციის ხელშეწყობას. მასწავლებლებისა და ექსპერტებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა გაიღრმაონ ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ ერთმანეთს და ჰიბრიდული სწავლების მიმართულებით ახალი პერსპექტივები შექმნან.

ახალმა დროებამ მოიტანა იმის აუცილებლობა, რომ საუნივერსიტეტო სწავლებაში გარკვეული სიახლეები დაინერგოს…

– დიახ, ჰიბრიდული სწავლება, ტექნოლოგიების ინტეგრაცია და სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდები უკვე აღარ არის მომავლის ხედვა, ეს დღევანდელი აუცილებლობაა. გლობალური განათლების სამიტი სწორედ ის სივრცეა, სადაც უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ საუნივერსიტეტო სწავლება ისე, რომ იგი ციფრული ეპოქის, შრომის ბაზრის მოთხოვნებს  პასუხობდეს და სტუდენტების უნარ-ჩვევების გაძლიერებას ემსახურებოდეს. რადგან განათლების სისტემა სტატიკური კი არა, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ევოლუციას განიცდის, ამიტომ, ამ სამიტზე განხილული საკითხები არ იქნება მხოლოდ დისკუსია, ის სამომავლო ტრანსფორმაციის საწინდარი უნდა გახდეს.

უმაღლეს სასწავლებლებში ინოვაციური სწავლების დანერგვაზე მსჯელობა ალბათ საჯარო სკოლებში სწავლების განხილვით უნდა დავიწყოთ. თქვენ აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით და კარგად იცნობთ სასკოლო სისტემას, სამიტზე ალბათ ამ თემასაც შეეხებით…

დიახ, მე პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, გახლავართ კოლეჯის „კონსტრუქტ-2“ ლექტორი და ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლისა და სოფელ კვალითის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და მეწარმეობის წამყვანი მასწავლებელი. რა თქმა უნდა, ინოვაციური სწავლების დანერგვა საჯარო სკოლებში სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რადგან უნივერსიტეტებში განათლების ტრანსფორმაციას წინ სკოლებში ცვლილებები უნდა უძღოდეს. სამიტზე შეკრებილი მასწავლებლები, დირექტორები და განათლების ლიდერები ერთად იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ახალი მეთოდები, ციფრული ტექნოლოგიები და ჰიბრიდული სწავლება ეფექტურად დაინერგოს საჯარო სკოლებში, რათა გაკვეთილები უფრო ინტერაქციული, პრაქტიკული და საინტერესო გახდეს.

რამდენად მზად არის ჩვენი განათლების სისტემა უახლესი ტექნოლოგიური მეთოდების დასანერგად?

საქართველოს განათლების სისტემას მოტივირებული მასწავლებლებისა და ინოვაციებისადმი გახსნილი გარემოს სახით დიდი პოტენციალი გააჩნია. თუმცა ამავე დროს, არსებობს უამრავი გამოწვევაც, რომელიც ახალი მეთოდების სრულფასოვნად დანერგვას აფერხებს. დღეს უკვე ვხედავთ ცალკეულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მაგალითებს, მაგრამ სასურველია, რომ ამას უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცეს. ამ ეტაპზე იმის თამამად თქმა შეიძლება, რომ მსგავსი სახის ცვლილებისთვის მზად ვართ, საჭიროა მხოლოდ სწორი ნაბიჯებისა და გაბედული გადაწყვეტილებების მიღება.

გადავწყვიტეთ სამიტის მონაწილე ქართველი პედაგოგის მოსაზრებაც გაგაცნოთ. მედეა ხაჩიძესსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტმასწავლებელი, მენტორი.

– ქალბატონო მედეა, საქართველოს განათლების სისტემაში პირველ რიგში, რისი შეცვლაა საჭირო?

– განათლების სისტემაში პირველ რიგში, რაც შესაცვლელია, ესაა მუდმივი ექსპერიმენტების დანერგვა. სანამ კვლევით არ დადასტურდება ესა თუ ის პრაქტიკა, მანამ სკოლაში არ უნდა დაინერგოს. ესა თუ ის მოთხოვნა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარეობს, ინფრასტრუქტურულად გაუმართავი სკოლებისთვის დასაწყისშივე შეუსრულებელი მისიაა. ეს განსაკუთრებით ციფრულ განათლებას ეხება. დღეს ისეთი სისწრაფით იცვლება ტექნოლოგიები, რომ სკოლის მოძველებული და მწყობრიდან გამოსული კომპიუტერული ტექნიკა უკვე ვეღარ უზრუნველყოფს სანდო და სარწმუნო წყაროებზე წვდომას. მოსწავლეების უმეტესობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სახლიდან მოიძიოს და ამობეჭდოს საჭირო ინფორმაცია. ეს კი მოთხოვნასა და შესაძლებლობებს შორის წინააღმდეგობას იწვევს. არადა, განათლების მომავალი ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია.

– დღევანდელი სასკოლო სახელმძღვანელოები რამდენად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნას?

– პირდაპირ გეტყვით, რომ სასწრაფო წესით შექმნილი სახელმძღვანელოები კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი აკადემიურობას მოკლებული და დასახვეწია. მეორადი წიგნის რვეულები კიდევ ერთი კატასტროფაა. სახელმძღვანელო მოსწავლეებს კიდევ შეიძლება სამი წელი გამოადგეთ, მაგრამ სხვის მიერ შევსებული წიგნის რვეულები, რომლებშიც ბოლომდე არ იშლება წინა მფლობელის ნაწერი, მოტივაციას და წერის ხალისს უკარგავს მათ. სათქმელი ბევრია, ცალკე პრობლემაა მოსწავლეებისადმი ზედმეტი ლიბერალიზმი, რაც უდავოდ, დამღუპველია. საჭირო თამასის დაკავება ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს. ეს კი დიდ სიფრთხილეს, ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

თუკი განათლების სამიტზე თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემებიც იქნება განხილული, პირადად თქვენ რას ელოდებით ამ სამიტისგან?

– მივესალმები Global Education Summit Georgia – 2025/ AKS Education -ის სამიტის ჩვენს ქვეყანაში გამართვას. საქართველოში მსგავსი ტიპის შეხვედრებით განებივრებული არ ვართ. ასეთ ცოცხალ კონტაქტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფესიული ზრდისთვის, მასწავლებელი ხომ მუდმივად ახლის ძიებაშია?! მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასეთი საშური საქმის ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადო „Teachers Community Georgia“ ჯგუფს ინფორმაციის გაზიარებისთვის. სამიტისგან ველოდები მომავლის თაობაზე განათლების ახალ იდეებს, გლობალურად მოაზროვნე რჩეულ კოლეგებთან შეხვედრას, ახალ ნაცნობობას, საგანმანათლებლო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებს ინოვაციური და ინკლუზიური განათლების კუთხით, ახალ პედაგოგიურ თეორიებს, მეთოდურ მიდგომებს, სწავლების მეთოდებს,  საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და გაცვლას. ვიმედოვნებ, რომ სამიტი ჩვენს ყველა მოლოდინს გაამართლებს და საუკეთესო გამოცდილებას დაგვიტოვებს.

 შეგახსენებთ, რომ გლობალური განათლების საერთაშორისო სამიტი საქართველოში 15 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ის პედაგოგები და დარგის სპეციალისტები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვით გამოირჩევიან.

თეონა გოგნიაშვილი