საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი კანადაში გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ საქართველოში დაბრუნდა.
კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ. კაპრალმა თემურ დადიანმა ოქროს მედალი ქალაქ ვისტლერში თხილამურებით სპრინტში ასპარეზობისას მოიპოვა, კაპრალმა ალიკა გითოლენდიამ ვანკუვერში გამართულ ნიჩბოსნობაში ტრენაჟორით 1-წუთიან შეჯიბრებაში ოქროს მედალი, 4-წუთიანში კი, – ვერცხლის მედალი აიღო.
წელს „ძლიერთა თამაშებს“ კანადის ქალაქებმა: ვანკუვერმა და ვისტლერმა უმასპინძლეს. საერთაშორისო პარასპორტული შეჯიბრების ისტორიაში წელს ერთდროულად პირველად ჩატარდა ზამთრისა და ზაფხულის ტურნირები.
„ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინც ჰარის პატრონაჟით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მისი დაარსების პირველივე წლიდან წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უმაღლესი სინჯის მედლები. თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სამხედროების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის მიზნით კანადაში პარასპორტსმენებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.