დაცული ტერიტორიების სააგენტომ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, საერთაშორისო გამოფენაში Saudi Travel Market 2025 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის Saudi Travel Market 2025 მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოში ეკოტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობებს გაეცნენ და საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.
გამოფენა Saudi Travel Market მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სფეროს წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ბუნების მოყვარულებსა და მოგზაურებს აერთიანებს, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ტურისტული სერვისების განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. ყოველწლიურად გამოფენას 40 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, რაც მას ტურისტული ინდუსტრიის ტენდენციების გაცვლის მნიშვნელოვან პლატფორმად აქცევს.