16-წლამდელ ტყვიის მსროლელებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თითო ოქროს და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ტალინის ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა ჩემპიონატის დასკვნით დღეს ვაჟთა გუნდური ასპარეზობა – რევაზ ლილუაშვილმა, ლუკა კობახიძემ და სანდრო ხოსიტაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინას 13:11 მოუგეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.

სანდრო ხოსიტაშვილმა ჩემპიონატის პირველ დღესაც მოიპოვა მედალი. 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი იყო ჩემპიონატის მეორე დღეც, როდესაც 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში ვაჟთა ნაკრებმა (რევაზ ლილუაშვილი, ლუკა კობახიძე, სანდრო ხოსიტაშვილი) გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაო მოიპოვა.

შედეგიანი ასპარეზობა გვქონდა შერეულ წყვილთა თანრიგშიც – ელენე წიკლაურის და სანდრო ხოსიტაშვილის წყვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა. საერთაშორისო კალენდარში ერთგვარ საცდელი ტურნირადაც იყო მონიშნული. გარდა ამისა, სადებიუტო ევროპირველობას ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკვალიფიკაციო დატვირთვაც ჰქონდა.

ტალინი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსაც მასპინძლობდა, სადაც საქართველო ერთი სპორტსმენით, ლიზი აღნიაშვილით იყო წარმოდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ამჯერად საპრიზო ადგილის გარეშე დავრჩით“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.