გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ რვა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდბერიზ“, „გოლდენ ფარმსი“, „ნამიანი“, „აგროველი“, „ქისტოუნაგრო“, „ესერტე“, „პაპრიკა“ სტენდები.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა, გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურეს. კომპანიის წარმომადგენლებმა, სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით, არაერთი შეხვედრა გამართეს.
„FRUIT LOGISTICA“ მსოფლიოში აგროსასურსათო მიმართულების ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 145 ქვეყნიდან 2,700-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას.