მილანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, მილანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდით წარდგა.

BIT 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 6 ტურისტულ კომპანიასთან ერთად მონაწილეობს. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებია წარმოდგენილი.

BIT 2025-ს გახსნის ცერემონიალში, სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა იტალიური ტურისტული, PR და მარკეტინგული კომპანიების, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.

მილანის ტურისტულ გამოფენაზე, B2B ფორმატის ფარგლებში, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ იტალიელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოში ტურისტთა ნაკადის მოსაზიდად.

BIT 2025-ზე, საქართველოს სტენდთან გამოფენის ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, დააგემოვნონ ქართული ტკბილეული და ღვინო.

“რამდენიმე დღის წინ ქართული მეღვინეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი ვნახე, თუ როგორ ამზადებენ ღვინოს თიხის ლამაზ ჭურჭელში. ძალიან დავინტერესდი ქართული ღვინით, საქართველოთი და ამ გამოფენაზე ვიპოვე. მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვარ, ღვინო მიყვარს და არასდროს დამიგემოვნებია ასეთი კარგი და უნიკალური ღვინო. ვაპირებ ვესტუმრო თქვენს ქვეყანას” – ამბობს გამოფენის ვიზიტორი ჯორჯიანა.

მილანის ტურისტული გამოფენა 45 წელია ტარდება და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიებაა. BIT 2025-ზე, 62 ქვეყნიდან ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 ათასი სტუმარი ჰყავს.

BIT 2025ტურიზმი