ზამთრის ფესტივალსაც ბაკურიანი – 2025 გუშინ საზეიმოდ გაიხსნა.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია ბაკურიანში, ეგრეთ წოდებულ 25 -იანების პარკთან გაიმართა.
აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა, შესრულდა ქვეყნის ჰიმნი. გაიმართა დელეგაციათა აღლუმი.
ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო. წესისამებრ, ფიცი დადეს ათლეტებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმა.
სტუმრებმა იხილეს რომიდან ჩამოტანილი მშვიდობის ცეცხლის მოგზაურობის ამსახველი კადრები, პარკში მისი შემოსვლა და ცერემონიის კულმინაცია – ცეცხლის დანთების ცერემონია.
ოლიმპიურ ფესტივალში მედლები სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) გათამაშდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე 1000-მდე სპორტსმენი.
საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი) 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.