1908 წლის 7 თებერვალს დაიბადა ბიზნესმენი, დიპლომატი, მეწარმე ალექსი მდივანი.
და–ძმა მდივნების – სერგის (სერჟ), დავითის, ნინოს, ალექსის, რუსუდანის (რუსი) წინაპარი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, კავკასიაში რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე სოლომონ მდივანი იყო. მამა – ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა – კი პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო.
სერგი მდივანმა განათლება პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო. 1921 წელს ზაქარია მდივნის ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოჯახმა თურქეთის გავლით პარიზს შეაფარა თავი. ალექსი მდივანი პარიზის ქუჩებში ძველმანებით ვაჭრობდა, შემდეგ მტვირთავობა დაიწყო, 15 წლის ასაკში კი “პეჟოს” ქარხანაში მოეწყო მუშად, სწავლობდა კემბრიჯშის კოლეჯში. იგი არაჩვეულებრივად უკრავდა, მღეროდა, კარგი სპორტსმენი იყო და პოლოს გუნდის კაპიტანი გახდა.
სწავლის დამთავრების შემდეგ ალექსი მდივანი ნიუ–იორკ სითი ბანკის პარიზულ განყოფილებაში მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე. მისი პირველი მეუღლე, ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელის, ბეწვეულის მაგნატის ქალიშვილი, ლუიზა ასტორ ვან ალენი იყო. ამ ქორწინებამ იმდროინდელ საზოგადოებაში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ალექსი მდივნისა და ლუიზა ასტორის ქონების შესახებ წერდა ჟურნალი “დიპლომატის რევიუ”. წყვილს შორის უთანხმოება ალექსის საქმიანობის გამო დაიწყო. კერძოდ, როდესაც საქართველოს ემიგრანტული მთავრობის საელჩო მთავრობის ლეგაციად გადაკეთდა, 24 წლის ალექსი მიიწვიეს მდივნად. იგი ხვდებოდა დიპლომატებს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ყველგან აფიქსირებდა, რომ საქართველო რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, საკუთარი ხარჯით გზავნიდა დელეგაციებს კონფერენციებზე, ეხმარებოდა საფრანგეთში მცხოვრებ გაჭირვებაში მყოფ ქართველებს. დელეგაციების კონფერენციებზე სიარულს, უსახსროთა დახმარებას დიდი თანხები და დრო მიჰქონდა. ეს ყველაფერი გაუგებარი იყო ლუიზა ასტორისათვის, თანაც ქალი, ძირითადად, ამერიკაში იმყოფებოდა, ალექსი კი განუწყვეტლივ მოგზაურობდა და წყვილი დაშორდა. ალექსის მეორე მეუღლე, ამერიკის უმდიდრესი ქალი, “უნივერმაღების” მეფის ქალიშვილი ბარბარა ჰატენი იყო. წყვილმა ერთმანეთი აღმოსავლეთ შანხაიში გაიცნო და 1933 წლის 22 ივნისს პარიზში, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი. ალექსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მალე დაბრუნდა საფრანგეთში. ამ დროს ქართულ ემიგრაცია მძიმე მდგომარეობაში იყო. 1933 წელს რუსეთი “ერთა ლიგაში” შევიდა. საფრანგეთი იძულებული გახდა საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ამიტომ საფრანგეთში რუსეთთან მტრულად განწყობილი საქართველოს ლეგაცია ვეღარ იარსებებდა.
ლეგაცია ლტოლვილთა ოფისად გადაკეთდა. ოფისის დირექტორად სოსიპატრე ასათიანი, მდივნად კი ალექსი მდივანი დაინიშნა. მას უნდა ეპატრონა ემიგრანტი ქართველებისათვის. ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით, ალექსიმ საფრანგეთსა და ბელგიაში თხუთმეტი ხელმოკლე ქართველი სტუდენტისათვის სტიპენდია დააწესა. როდესაც ჩრდილოეთ ჩინეთში, ხარბინში იაპონელები შეიჭრნენ და ჩინეთის ოკუპაცია დაიწყეს, რკინიგზის გასწვრივ მცხოვრები ქართველები სახლებიდან ქუჩაში გამოყარეს. ალექსიმ ხარბინში ჩააკითხა ლტოლვილებს და ღია ცის ქვეშ დარჩენილებს ექვსსართულიანი სახლი უყიდა. ბარბარა ჰატენისათვის, ისევე როგორც ლუიზა ასტორისათვის, სრულიად გაუგებარი იყო ალექსი მდივნის “ქართული საქმეები”. 1935 წელს ალექსი და ბარბარა ერთმანეთს დაშორდნენ. “ალექსი დარჩება ჩემთვის ერთ ყველაზე საუკეთესო ადამიანად მათ შორის, ვინც ოდესმე მცნობია” – წერდა ბარბარა.
განქორწინების შემდეგ, ალექსი დასთან, რუსისთან (რუსუდან მდივანი), გაემგზავრა ესპანეთში, პალამოსის ვილაში. 1935 წლის აგვისტოში პალამოსიდან ფიგეიროსში წვეულებაზე “როლს–როის ფანტომით” მიმავალი ალექსი მდივანი და ბარონი ტისენი მატარებელმა გაიტანა. დიდი ქველმოქმედის, გიორგი მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ, ალექსი მდივნის სიკვდილი დიდი დანაკლისი იყო ხელმოკლე ქართული ემიგრაციისათვის. ქველმოქმედი.
წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ. 118