დღეს ერთ განსაკუთრებულ ქართულ ოჯახზე მინდა გიამბოთ. თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში იარაჯულების ოჯახში სამი ჩემპიონი და ერთი, სავარაუდოდ, მომავალი ჩემპიონი იზრდება. ტყუპი და – ნატალი და ელენე, ძიუდოში, სხვადასხვა ტურნირებზე შეიძლება ითქვას, ტყუპ გამარჯვებას აღწევენ. ჯამში, სხვადასხვა შეჯიბრებებზე 48 მედალი აქვთ აღებული.
არანაკლებ წარმატებულია მათი უფროსი და, სალომეც. ძიუდოისტ დებს არც ოჯახის უმცროსი წევრი, ერთადერთი ვაჟი, ნაბოლარა ზაზა ჩამორჩება. ადრე გოგონები სოფელ სანიორეს ძიუდოს სპორტულ სექციაში იყვნენ ჩართული. დღეს თელავის ძიუდოს აკადემიაში ვარჯიშობენ. გოგონების ძიუდოთი დაინტერესება მათი მწვრთნელის, ლაფანყურელი სპორტსმენის, ჯარჯი ნადირაშვილის დამსახურებაა.
ბავშვების დედა, მარი მეტრეველი კი, აშკარად იმსახურებს ჩემპიონი დედის სტატუსს, რადგან უკვე შვიდი წელია სრულიად მარტო ზრდის ოთხ შვილს, რომლებსაც მამა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაეღუპათ. ჩვენ დავუკავშირდით მას, რათა გაგვეგო რაშია ამ ბავშვების ასეთი სპორტული წარმატებების საიდუმლო.
– ქალბატონო მარი, თავიდან რატომ გადაწყვიტეს გოგონებმა ძიუდოზე სიარული, რა გახდა ამის სტიმული?
– ტყუპი დების, ელენესა და ნატალის ძიუდოთი დაინტერესება და შემდეგ წარმატებები, მათი მწვრთნელის, ბატონი ჯარჯის პროფესიონალიზმმა და გვერდში დგომამ განაპირობა. თავიდან ვარჯიში და კროსზე სირბილი მოეწონათ, შემდეგ ტანვარჯიშზე დაიწყეს სიარული. ბოლოს ძიუდოთი დაინტერესდნენ. მაშინ მახსოვს, გამიკვირდა: სად გოგოები და სად ჭიდაობა მეთქი, მაგრამ ძალიან მთხოვეს: გეხვეწები, ნება მოგვეციო და მეც დავთანხმდი.
– რამდენი წლის იყვნენ პირველი ბრძოლა რომ გამართეს?
– ტყუპები მაშინ შვიდი წლის იყვნენ, ახლა 12-ის არიან. მეხუთე წელია, რაც ვარჯიშობენ. შარშან ჯერ ბათუმში მოიგეს ძიუდოში გოგონათა შორის ტურნირი, შემდეგ საბერძნეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდნენ. სხვათა შორის, როცა ვერ იმარჯვებენ ხოლმე, წაგება უფრო დიდი მოტივაცია ხდება მათთვის, მებრძოლი ხასიათი ჩამოუყალიბდათ.
– ოდესმე დები ერთმანეთის პირისპირ ხომ არ აღმოჩენილან?
– დიახ, იყო ასეთი შემთხვევა. აფხაზეთის აკადემიაში გოგონებს ერთმანეთთან შერკინება მოუწიათ. ყველა შემთხვევაში, გამარჯვება ოჯახში ერთად ვიზეიმეთ და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია.
– ისე მოხდა, რომ უმცროსმა დებმა ძიუდოთი უფროსი და შემდეგ კი, ნაბოლარა ძმაც დააინტერესეს…
– მართლაც ასე მოხდა. თავის დროზე, როცა უმცროს დებს უყურებდა, სალომესაც გაუჩნდა სურვილი, რომ ძიუდოზე ევლო. დღეს 13 წლისაა. წელიწად-ნახევარია, რაც ვარჯიშობს და უკვე ხუთი მედალი აქვს აღებული.
– თქვენც ხომ არ გაცდუნეს?
– არა, გმადლობთ.. ოთხი ძიუდოისტი ერთ ოჯახში სრულიად საკმარისია, მე გულშემატკივრობას დავჯერდები.
– თუ ყოფილა შემთხვევა, როცა რომელიმე ტურნირზე სამივე დას მიაკუთვნეს გამარჯვება?
– დიახ. 2024 წელს, ნოემბერში, სალონიკში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ტყუპმა დამ იარაჯულებმა პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს, ხოლო მათი და, სალომე იარაჯული, მესამე ადგილზე გავიდა. ბერძნებმა გაოცება ვერ დამალეს, როცა გაიგეს, რომ სამივე გამარჯვებული ერთი ოჯახიდან იყო.
– სპორტმა გოგონების ხასიათზე თუ იმოქმედა?
– რა თქმა უნდა, ისინი უფრო მოტივირებული და მიზანსწრაფულები გახდნენ. სწავლითაც უფრო კარგად სწავლობენ. ჯარჯი ხშირად ეუბნება მათ, რომ ცხოვრებაში მარტო ძიუდო არ გამოგადგებათ, განათლებაც უნდა მიიღოთ, რადგან უსწავლელი ძიუდოისტები არავის უნდაო.
– რა თქმა უნდა უყვართ. სალომე იდეალური კულინარია და ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. მომავალში სურვილი აქვს, რომ შეფმზარეულის პროფესიას დაეუფლოს. გატაცებას რაც შეეხება, გოგონები კარგად ცეკვავენ, ამას გარდა სკოლის გუნდში ფოლკლორულ სიმღერებსაც ეუფლებიან.
– ალბათ რთულია მარტოხელა დედისთვის ოთხშვილიანი ოჯახის გაძღოლა…
– როგორც მრავალშვილიანი, მარტოხელა დედა სოციალურ დახმარებას რა თქმა უნდა ვიღებ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შვილებს სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდეთ. იმედია, სამომავლოდ, სახელმწიფო დამატებით დახმარებასაც აღმოგვიჩენს. ჩემი შვილები კი მჯერა, რომ სპორტულ სარბიელზე უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ და საქართველოს სახელს უფრო შორს გაიტანენ.
თეონა გოგნიაშვილი