ლეგენდარულ ოლიმპიელს ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს აღიარება მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა. რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა  დაჯილდოების ცერემონია, სადაც ქალბატონ ნინოს გინესის სერტიფიკატები და მედალი  გადასცა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

“ნინო სალუქვაძეს 1988-დან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო სალუქვაძე