გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში, გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „ხილიანი“, „თელიანი ველი“, „ჯორჯიან ნატურალ პროდუქტი“, „თი ემ თი“, „აჩინებული“, „ჩელთი“, „კულა“, „თორელის მეღვინეობა“, „მაისტერბრაუ“, „ჰობი“ წარმოებული ორგანული წვენები, ლიმონათი, თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თაფლი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი. ქართულ სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული კერძებიც დაეგემოვნებინათ.
გამოფენაში მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები გააცნო.
„მწვანე კვირეული“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს. მიმდინარე წელს გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1,400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.