გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტების რეიტინგს აქვეყნებს. სიაში სამთო კურორტი გოდერძი პირველ ადგილზეა. 12 საუკეთესო მიმართულებას შორის, საქართველოს კურორტთან ერთად საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტები მოხვდნენ.
„თუ თქვენ ევროპაში საუკეთესო სათხილამურო თავგადასავლებს, ყველაზე ლამაზ სამთო ტრასებს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას და უბრალოდ ზამთრის არდადეგებზე გარანტირებულ თოვლს ეძებთ მაშინ დაგეხმარებით. აღმოაჩინეთ აჭარის რეგიონში უმაღლესი ხარისხის კურორტი გოდერძი, რომელიც წელს ევროპის ყველაზე ცნობილ კურორტებზე წინ დასახელდა. აქ აღმოაჩენთ ისტორიის შარმისა და თანამედროვე ინოვაციების ნაზავს“, – წერს European Best Destinations.
სამოგზაურო პლატფორმა მკითხველს ინფორმაციას აწვდის აჭარის სამთო კურორტის უპირატესობების შესახებ.
„კურორტი გოდერძი ზამთრის სამოთხეა მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის. აჭარაში მდებარე კურორტი ევროპის მთავარი სამთო მიმართულებაა, რომელიც ზამთრის საუკეთესო თავგადასავლებს გთავაზობთ. აქ ზამთრის გრძელი სეზონი გელოდებათ. ნოემბრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე თოვლი გარანტირებულია. კურორტის უნიკალური ალპური და სუბტროპიკული კლიმატის ნაზავი მაღალი ხარისხის თოვლს წარმოქმნის, რაც ნამდვილი სამოთხეა მოთხილამურეებისთვის. გოდერძი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სამთო საბაგიროებით, გონდოლებითა და ტრასებით გამოირჩევა. კურორტი მორგებულია როგორც დამწყებ, საოჯახო, ასევე პროფესიონალ მოთხილამურეებზე. გოდერძი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ზამთრის კურორტია, აქ ბუნების მშვენიერება მოქმედებს განწყობაზე და მშვიდ ფონს გთავაზობთ სრიალისა და დასვენებისთვის“, – წერს სამოგზაურო პლატფორმა და მკითხველს ქართული სტუმარმასპინძლობის შესახებ მოუთხრობს.