65 წლის წინ, 1960 წლის 10 იანვარს, ღმრთივმიიცვალა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ მესამე.
ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე დაიბადა 1872 წლის ძვ.სტ. 2 ნოემბერს, სიღნაღის მაზრის სოფ. ზემო ყანდაურში. წარმატებით დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი და 1890 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგ, ჩაირიცხა ყაზანის სასულიერო აკადემიაში და დაამთავრა 1900 წელს, ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. დაინიშნა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის, ხოლო 1902 წელს – ქუთაისის სასულიერო სემინარიის პედაგოგად. 1904 წლიდან გახლდათ სმოლენსკის ოლქის გუბერნიის ქ. ბელის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი. 1915 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად, 1918 წელს ებოძა დეკანოზის წოდება. 1922 წელს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. 1925 წელს დადგინდა ანჩისხატის ტაძრის წინამძღვრად. იმავე წლის ოქტომბერში, ბერად აღიკვეცა მელქისედეკის სახელით და ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. სხვადასხვა დროს მწყსიდა: ალავერდის, ცხუმ-აფხაზეთის, წილკნისა და ურბნისის ეპარქიებს. 1935 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება.
1952 წლის 5 აპრილს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე საეკლესიო კრებამ ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ მესამეს მამამთავრობა მოუხდა ურთულეს 1952-1960 წლებში, როდესაც საბჭოთა ათეიზმი სრული ძლიერებით მძვინვარებდა. მრავალი წინააღმდეგობა იყო აზვირთებული ეკლესიის წინააღმდეგ, თუმცა ღმრთის შეწევნით, მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ მელქისედეკმა ღმრთივგაბრძნობილად უმამამთავრა საქართველოს ეკლესიას. ის გახლდათ ღრმად განსწავლული, ერუდირებული პიროვნება და მამამთავარი. იგი არაერთხელ წარსდგა სიტყვით, მშვიდობის დაცვის სხვადასხვა კონფერენციაზე. მან ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს „ისტორია“, არიანეს „ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა“.
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ მესამე აღესრულა 1960 წლის 10 იანვარს. დაკრძალეს 17 იანვარს თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქისა მელქისედეკ მესამისა.
შეგვეწიოს მისი წმიდა ლოცვები!
წყარო: ეკლესიის კალენდარი