ლეგენდის მიხედვით, ეს სურა თამარ მეფეს შეუწირავს სეტის (მესტია) თემისთვის.
ცილინდრული ტანით, დაგრძელებული ტუჩით, მაღალი ყელითა და ცხოველის ფიგურით დამშვენებული სახელურით იგი იმეორებს XI-XII საუკუნეებში ისლამურ სამყაროში გავრცელებული ე.წ. ხორასნული ტიპის სურების ფორმას.
ამ ჯგუფის სხვა ნიმუშებისგან განსხვავებით, რომლებიც თითბრისგან მზადდებოდა და ვერცხლის ზარნიშით იფარებოდა, სეტის თამარის სურა ვერცხლისაა, ხოლო მისი ტანი, სახელური და მხრები მდიდრულადაა შემკული მოოქრული რელიეფური და გრავირებული გამოსახულებებით.
ნაკეთობის ტანის ზედა ნაწილს გარს შემოსდევს ავაზებისა და ძაღლების რიგი, რომელიც მცენარეულ ხვეულებშია ჩაწნული. ავაზის სკულპტურა აზის ჭურჭლის სახელურსაც. ნაკეთობის ტანი შემკულია მოოქრულ მედალიონებში ჩასმული ქალ-ჩიტების წყვილი ან ერთეული გამოსახულებებით.
ჭურჭელს, ტანის ფართო მხარეს, გარს შემოუყვება მცენარეულ ხვეულებში ჩაწნული ოქროთი შესრულებული ქუფური დამწერლობა. სურის ყელი და ტუჩი მდიდრულადაა დეკორირებული ოქროს ორნამენტული ზოლებით, რომლებშიც მცენარეების, ჩიტებისა და ქუფური დამწერლობის მოტივები ერთმანეთშია გადახლართული.
სურა აღმოსავლური ლითონმქანდაკებლობის შედევრია და იგი, უდავოდ, თავიდანვე უმაღლესი იერარქიის პირთათვის იყო განკუთვნილი.
წყარო:სვანეთის მუზეუმი