პირველი ქართული გაზეთი და ამავე დროს კავკასიაში დაბეჭდილი პირველი გაზეთი საქართველოში 1819 წლის 8 მარტს დაიბეჭდა, სახელწოდებით „საქართველოს გაზეთი“. ის კვირაში ერთხელ, პარასკეობით გამოდიოდა.
1820 წელს „საქართველოს გაზეთს“ სახელწოდება შეეცვალა და „ქართული გაზეთი“ დაერქვა. უცნობია გაზეთის რედაქტორი, სტატიების ავტორი, მთარგმნელი და რედაქციაში მომუშავე სხვა თანამშრომლების ვინაობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „საქართველოს გაზეთის“ შექმნა კავკასიის მმართველის, ალექსეი ერმოლოვის სახელს უკავშირდებოდა.
უწყებრივი ხასიათის გაზეთში, სხვა სტატიებთან ერთად, ის ოფიციალური ცნობები და დადგენილებები იბეჭდებოდა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას უშუალოდ ეხებოდა. გამოცემის ოფიციალურად გაცხადებული მიზანიც საქართველოს მაცხოვრებელთა ინტერესები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლებულ ხალხთა ჩვეულებების გაცნობა იყო. სინამდვილეში, იმ დროის მნიშვნელოვანი მოვლენები პერიოდული გამოცემის ფურცლებზე ან საერთოდ არ ასახულა, ან იმპერიის მიზნებს მისადაგებული ინტერპრეტაციით ქვეყნდებოდა. ასე მაგალითად, გაზეთი არაფერს იუწყებოდა 1819-1820 წლების იმერეთ-გურიის აჯანყებების შესახებ; სამაგიეროდ იბეჭდებოდა ცნობები კავკასიის ომზე, რომელშიც რუსული ჯარი შვიდობისმყოფელის როლში იყო გამოყვანილი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჩრდილოკავკასიელები კი მეამბოხე ყაჩაღებად იყვნენ წარმოჩენილნი.
მიუხედავად ამისა, რუსეთის იდეოლოგიურ იარაღად შექმნილი „საქართველოს გაზეთი“ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში შევიდა როგორც ქართული პერიოდული გამოცემის შექმნის პირველი მცდელობა. გამოცემისა, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარშივე ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო.