ჰამილტონის მეტალურგიული ქარხნის საამქროს ქართველი მთავარი ინჟინერი

გიორგი ლოლუა 1919 წლის 19 ივნისს დაიბადა სამეგრელოში, სოფელ ზემო ქვალონში, ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 წელს დაამთავრა თბილისის N1 სკოლა, 1941 წელს კი – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით.

II მსოფლიო ომში 1941 წ. გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდა, იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, მალე ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ემიგრანტმა ქართველებმა იხსნეს და ქართულ ბატალიონში ჩაწერეს. 1944 წელს, ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ომის შემდეგ საბჭოთა მხარემ ყოფილი ტყვეებისა და ლეგიონერების გადაცემა მოითხოვა. ინტერნირებულებს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს, იქიდან კი, ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირში ხვდებოდნენ. გიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა და მიუხედავად დიდი ეკონომიკური სიდუხჭირისა, მილანელ გოგონაზე დაქორწინდა, რომელთანაც ომის წლებში ჰქონდა მიმოწერა. 1947 წელს, საბჭოთა კავშირის მხარის მოთხოვნით, საფრანგეთისა და იტალიის სოციალისტურმა მთავრობებმა „კოლაბორაციონიზმის“ ბრალდებით დააპატიმრეს გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართველები. 1950 წელს იტალიაში, ერთ-ერთ ბანაკში ტყვედ იყო და შველას ითხოვდა 11 ქართველი, რომელთა შორისაც გიორგი ლოლუაც იმყოფებოდა. 1951 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით და მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარის, ალექსანდრე კორძიას აქტიურობით, ქართველი ტყვეები გაათავისუფლეს და ნეაპოლთან, სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გაგზავნეს.

გიორგი ლულუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის განმავლობაში უდიდეს მეტალურგიულ ქარხანაში ერთ–ერთი საამქროს მთავარ ინჟინრად მუშაობდა, საიდანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაზე.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ლექსების წერა გიორგი ლოლუამ საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებში: „კომუნისტსა“ და „თბილისში“ დაიბეჭდა. ასევე, რამდენიმე ლექსი ომის წლებში ემიგრანტულ გაზეთებში – „ქართველი ერი“ და „საქართველო“ – დაბეჭდეს. ომის შემდეგ ერთი ლექსი გამოუქვეყნეს ჟურნალ „ბედი ქართლისაში“. „მამულში“ გამოქვეყნებულმა მისმა ორმა ლექსმა გრიგოლ რობაქიძის ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ გურამ შარაძეს გამოუგზავნა.

გიორგი ლოლუამ თავისი ერთი ლექსი ინგლისურად თარგმნა და ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა. წერდა მოთხრობებსაც, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო.

1990 წლის 21 დეკემბერს გიორგი ლოლუა გარდაიცვალა. იგი პოლიგლოტი იყო, საუბრობდა რამდენიმე ენაზე (ქართული, რუსული, გერმანული, ფრანგული ინგლისური, იტალიური), მაგრამ სიკვდილის წინ, მშობლიურის გარდა, ყველა ენა დაავიწყდა და მეუღლეს ქართულად საუბარს სთხოვდა. მისი მეუღლე იტალიელი ნატალია (ლია) დელლა პიეტრა პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი გახლდათ და ციურიხში თეატრში მუშაობდა.

გიორგი ლოლუას სამი შვილი – სანდრო, ლეილა და სანდრა კანადაში ცხოვრობენ. 2013 წელს ლეილა ლოლუა პირველად ეწვია საქართველოს.