ბუნების მეგობრების მორიგი შეხვედრა – პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაინაწილოს

17 ნოემბერს, რუსთავის მედიათეკაში, პირველი საერთაშორისო ლიტერატურულ-შემეცნებითი კრებულის „ბუნების მეგობრების“ პრეზენტაცია მეორედ გაიმართა. ჟურნალის ავტორი და რედაქტორი გახლავთ რუსთაველი მწერალი, პოეტი მადონა დვალი, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება. ალმანახს თვის ბოლოს მესამედ სამეგრელოში წარადგენენ. შემდგომში კი, შესაძლოა, პრეზენტაცია კიდევ სხვა ქალაქებშიც გაიმართოს. პრეზენტაცია რუსთავში ქალბატონი მადონას გარეშე გაიმართა. მან შეძლო და საზოგადოების წევრები და დაინტერესებული პირები დაუსწრებლად გააერთიანა.

საერთაშორისო ჟურნალი “ბუნების მეგობრები” პირველი ლიტერატურული კრებულია, რომელიც დედამიწის დაცვას ეძღვნება. კრებულში გაერთიანებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური მხატვრული თუ ფილოსოფიური ლიტერატურული შედევრები, პოეტური ნამუშევრები, რომელიც დედამიწის ეკოსისტემის, პლანეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმაურება. ალმანახი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

როგორც ქალბატონმა მადონამ გვაცნობა ჟურნალი პლანეტაზე მიმდინარე ეკოლოგიურ პრობლემებს, კლიმატურ ცვლილებებს, მიუსაფარ ცხოველთა თემატიკას უჩვეულო ფორმით, პოეზიის, ლიტერატურის ენით ეხმიანება. პრეზენტაცია რუსთავის საკრებულოს წევრმა, ქვემო ქართლის რეგიონში დედაბუნების მეგობართა საერთაშორისო საზოგადოება „ადამიანის“ წარმომადგენელმა, პოეტმა ამირან ჯანჯღავამ წარადგინა.

მადონა დვალი

მადონა დვალი: მინდა მორიგი წარმატება მივულოცო ალმანახის “ბუნების მეგობრები” ყველა გულშემატკივარს. როგორც შევიტყვე, პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ კულტურის სფეროს მესვეურები, საჯარო სკოლის დირექტორები და მწერლები. რამაც განსაკუთრებულად გამახარა ის არის, რომ პრეზენტაციას ახალი თაობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ მომავალზე პასუხისმგებლობა ეკისრება. მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამირან ჯანჯღავას, კაცს, რომელიც წლებია საკუთარი ხელით ეფერება რუსთავის ყოველ ხეს, ბუჩქს თუ ნარგავს. საღამოს ასევე დაესწრო საქართველოში „ვეგან-ჯორჯიას“ დამაარსებელი ვახტანგ უშვერიძე და მისი ახალგაზრდული გუნდი.

საერთაშორისო ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის პირველი პრეზენტაცია გაიმართა დედამიწის დაცვის დღეს, 2024 წლის 22 აპრილს, თბილისში, შავი ზღვის უნივერსიტეტში. საღამო სამართლის დოქტორმა, უნივერსიტეტის დეკანმა, მწერალმა ირაკლი შამათავამ გახსნა. რუსთავში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ასევე ცნობილი მწერლები, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები და სტუდენტები. საღამო გააშუქა აფხაზეთის ტელევიზიამ.

სამომავლოდ ალმანახის პრეზენტაცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში იგეგმება. შემდგომ იტალიის ქალაქ ნეაპოლში ვაპირებთ. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენი ალმანახის წარმატებით წარდგინებას და ამ საშვილიშვილო საქმეში გვერდში დაგვიდგა.

თეონა გოგნიაშვილი