პოლონეთში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა როგორც ინდივიდუალურად, ისე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი – ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათგან გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ), კოტე კაპანაძემ (-81კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ნინო ლოლაძე (-57კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, თენგო ზირაქაშვილმა (-66კგ) კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ღირსებას ეთერ ასკილაშვილი (-70 კგ), აკაკი ჯაფარიძე (-90 კგ), ნინო პაპიძე (+70 კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+90 კგ), ნინო ლოლაძე (-57 კგ ) და გიორგი ლოლაძე (-73 კგ ) იცავდნენ. საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა ფინალში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.