მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ 27-ე სეზონი დაიწყო

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ რუმინეთის კრაიოვას ნაციონალური თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. აბრეშუმის ქარხნის დიდი სტუდიის სცენაზე ბრიტანეთის იმპერიისა და საფრანგეთის სახელმწიფო ორდენების, ასევე ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელმა , ბრიტანელმა რეჟისორმა – დეკლან დონელანმა სოფოკლეს პიესა „ოიდიპოს მეფე“ წარმოადგინა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ბრუნო ნოფერი, იოანა ანდონი, ადელინა გალიჩენუ, როქსანა მატუ, პეტრი სტაფენესკუ, კატალინა ვინატორუ, იარინა ზიდარუ; მხატვარ-სცენოგრაფია ნიკ ორმეროდი, რეჟისორის ასისტენტი – ლაურენტინ ტიუდორი, მუსიკის ავტორი – ქარუ ტიბორი.

იმავე საღამოს გაიმართა ფესტივალის ლაურეატების დაჯილდოებაც. ფესტივალის მთავარი ჯილდო – მიხეილ თუმანიშვილის პრიზი „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ გადაეცა ინგლისელ რეჟისორს, დეკლან დონელანს.

ჯილდოს მფლობელები, აგრეთვე, გახდნენ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი და ცნობილი კომპოზიტორი დავით ევგენიძე.

ფესტივალი 3 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მაყურებელს მსოფლიოში ცნობილი და ქართული თეატრების შთამბეჭდავ წარმოდგენებს შესთავაზებს.

ფესტივალი საჩუქარი