ერთ მშვენიერ დღეს, მარჯორი უორდროპი ილიასგან ასეთ წერილს იღებს: „გვპირდებით ჩვენში მობრძანებას. სიხარულით დაგიხვდებით… იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უბედური, მაგრამ მშვენიერი ქვეყანა, თავს მოგაწონებთ და დაგანახვებთ, რომ იგი ღირსია თქვენის ყურადღებისა და სიყვარულისა.“
თუმცა მარჯორის უნახავადაც საოცრად შეჰყვარებოდა შორეული საქართველო…
უორდროპების ოჯახი ორჯერ ეწვია ილიას. ერთხელ – 1884, მეორედ კი – 1886 წელს. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია 1896 წლის 20 ივლისს გამართულ ტრადიციულ „ილიაობას“. მარჯორი ბევრ ქართველს დაახლოებია და შემდეგ მათთან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონია მიწერ-მოწერა.
ცნობა ილიას მკვლელობის შესახებ, 1907 წლის 14 სექტემბერს დაუბეჭდავს გაზეთ „ტაიმსს“. ამავე წლის 3 ოქტომბერს კი მარჯორის გულისტკივილით სავსე წერილი მიუღია ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს: „ძვირფასო მეგობარო! ვერაფრით ვერ დავიჯერეთ ჩვენს გაზეთებში დაბეჭდილი ცნობების სიმართლე. ახლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ასე სასტიკად მოკლეს თავადი ილია, რომელიც აგრერიგად გვიყვარდა, და დაჭრეს სათნო და კეთილი კნეინა ოლღა. გული ნაღველით გვევსება, რა საშინელი დანაკლისია საქართველოსთვის!“
1909 წელს კი, 40 წლის ასაკში თავად გამხდარა უკურნებელი სენის მსხვერპლი. მომაკვდავს „რაკი ენა აღარ ემორჩილებოდა, ჰაერში ხელით დაეხატნა სიტყვა „საქართველო“, სახელი იმ ქვეყნისა, რომელიც შეადგენდა მისი ზრუნვის საგანს, და სულიც განუტევებია…“ (თედო სახოკია)
„განდეგილის“ გარდა, მარჯორის ინგლისურად უთარგმნია „ქართული ხალხური ზღაპრები“, „წმიდა ნინოს ცხოვრება“, „ვისრამიანი“, „ვეფხისტყაოსანი“ და კიდევ ბევრი ლიტერატურული შედევრი. ზოგის გამოქვეყნება მოუსწრია, ზოგის – ვერა…
ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მარჯორის გემზე გაუცნია რუსი პოეტი ბალმონტი. ბალმონტს კარგად სცოდნია ინგლისური. ინგლისელ ქალს გატაცებით დაუწყია საუბარი ქართულ ლიტერატურაზე და ბალმონტისთვის უჩვენებია „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი. ბალმონტი მიხიბლულა რუსთაველის ენით, პოემის სიდიადით და გემზევე გადაუწყვეტია მისი თარგმნა რუსულად. ეს გადაწყვეტილება, მასნ მოგვიანებით სისრულეში მოიყვანა და წინასიტყვაობაში დიდი ქართველი პოეტი ჰომეროსის და დანტეს გვერდით მოიხსენია…
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან