3-15 ნოემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გაიმართება

რიგით 27-ე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თბილისში ახალი და განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება. როგორც ყოველთვის, ფესტივალი თბილისის თეატრალურ მოედნებზე მსოფლიო რანგის საერთაშორისო წარმოდგენებს უმასპინძლებს. წელსაც ქართველ ხელოვანებს, სტუდენტებს, მოგზაურებს, ჟურნალისტებსა და ფესტივალის ერთგულ მაყურებელს ეპოქალური მნიშვნელობის ხელოვანებთან შეხვედრის უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ.

„ფესტივალის ჯილდო – მიხეილ თუმანიშვილის პრიზი „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ –  2024 წელს გადაეცემა გამოჩენილ ინგლისელ რეჟისორს დეკლან დონელანს, რომელსაც არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული, მათ შორის ბრიტანეთის იმპერიისა და საფრანგეთის სახელმწიფო ორდენები, ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომი, “OBIE” პრემია და ლორენს ოლივიეს 4 ჯილდო. ასევე, ჯილდოს მფლობელები გახდებიან გიორგი მარგველაშვილი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, და მუსიკოსი და კომპოზიტორი დავით ევგენიძე.

ფესტივალს გახსნის რუმინული ფოკუსი / FOCUS ROMANIA / პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლი „ოიდიპოს მეფე“ (სოფოკლეს მიხედვით), რომელიც ცნობილმა ბრიტანელმა რეჟისორმა დეკლან დონელანმა კრაიოვას მარინ სორესკუს ეროვნულ თეატრში დადგა. დადგმის მხატვარი და სცენოგრაფია ნიკ ორმეროდი, თეატრალური კომპანიის Cheek by Jowl თანადამაარსებელი, დეკლან დონელანის თანამოაზრე და მისი უცვლელი პარტნიორი. წარმოდგენა გაიმართება „სილკ ფექთორი სტუდიოში“ (აბრეშუმის ქარხნის დიდ პავილიონში). (სპექტაკლის სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოდგენაზე მხოლოდ ფეხზე დასადგომი ადგილებია)

ასევე, FOCUS ROMANIA ფარგლებში 4 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“ წარმოგიდგენთ რუმინელი თეატრის მკვლევრის – ოქტავიან საიუს – წიგნის პრეზენტაციას, „ფედრა, ევრიპიდედან რასინამდე, სენეკადან სარა კეინამდე“. წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით. ავტორი თავად წარუდგენს წიგნს მაყურებელს.

მეტად საყურადღებოა წარმოდგენა, რომელიც 12,13 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება:  ეს გახლავთ ევრიპიდის ლასკარიდისის „ლაპის ლაზული“ (თეატრალური კომპანია OSMOSIS, საბერძნეთი) აუდიტორიას იწვევს გამოიკვლიოს არასასიამოვნო კავშირი ტერორსა და იუმორს, გამეტებასა და შეწყალებას, ნაცნობობასა და გაუცხოებას შორის. სწორედ ასეთი საწინააღმდეგო პოლუსების შეხვედრისას შეიძლება აღმოვაჩინოთ და შევაფასოთ ჩვენი თანდაყოლილი, შინაგანი კულტურით დაწესებული საზღვრები და თეატრის მიერ დასმულ მარადიულ შეკითხვას, თუ სადაა საზღვარი რეალურსა და წარმოსახვითს, მატერიასა და სულს, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის, თამამად გავცეთ პასუხი.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფესტივალი „საჩუქარი“, ვენეციის თეატრალურ ბიენალესთან და იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ორწლიან ახალგაზრდულ პროგრამაში „ბიენალე კოლეჯე“ მონაწილეობის მისაღებად. პროექტის პარტნიორია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი. სადაც 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ჩატარდება პრეზენტაცია/სემინარი, რომელსაც გაუძღვებიან საერთაშორისო დირექტორატის წევრები: ვენეციის ბიენალეს თეატრალური პროგრამის და ბიენალე კოლეჯეს სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯანი ფორტე და მილანის ახალი დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის, ფლორენციის INTECITY სამხატვრო ხელმძღვანელი, მიქელე პანელა.

პროექტი 2024 წლის ფესტივალზე სთავაზობს ახალგაზრდა ხელოვანებს წარმოადგინონ იმ პროდუქციის 10 წუთიანი პრეზენტაცია, რომელიც მათ სურთ რომ შექმნან: ეს იქნება თეატრი, ცეკვა, მულტიმედიური პროექტი თუ ასე შემდეგ, რომელსაც განიხილავს ფესტივალის საერთაშორისო დირექტორატი და გამარჯვებულ პროექტს გადასცემს 10.000 ლარს, როგორც ჯილდოს, რათა 2025 წლის პროგრამისთვის განხორციელებული და წარმოდგენილი იყოს  მსოფლიო კულტურის მოწინავე ოსტატების გვერდით.

ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ფესტივალის „საჩუქარი“, არგენტინის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის FIT Córdoba Mercosur და საშემსრულებლო ხელოვნების კვლევითი ცენტრის La Parisina Casa de Arte სამომავლო კო-პროდუქცია –  POSTHUMOUS (დაბადებული სიკვდილის შემდეგ 2025/2026), რომლის პრეზენტაციაც შედგება თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე 15 ნოემბერს, 17:00 საათზე. პიესას წაიკითხავს თამარ ბზიავა. (პერფორმატიული ჩვენება გაიმართება ინგლისურ ენაზე).

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იმ ქართული სპექტაკლების შესახებაც, რომელიც წელს ფესტივალის პროგრამისთვის შეირჩა: მაია დობორჯგინიძის „უფრო ახლოს“, ივანე ხუციშვილის „უხერხემლო“ და გიორგი მარგველაშვილის „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)“, რომლებიც ფესტივალის პარტნიორი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის უახლეს თეატრალურ მიღწევებს და ასევე ფესტივალის სტუდენტური ფრინჯის (2022 წ) გამორჩეული რეჟისორის ნამუშევარს წარმოადგენს.“, – ნათქვამია ფესტივალის პრესრელიზში.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 3-15 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

 

 

საჩუქარიფესტივალი