2026 წელს საქართველო ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) გამგეობის გადაწყვეტილებით 2026 წელს ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის მასპინძლად ბათუმის კანდიდატურა პოლონეთში გამართულ გამგეობის სხდომაზე საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა, საქართველოს გარდა, სურდა პოლონეთსა და ალბანეთს, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტის – კახი კახიაშვილის მიერ წარდგენილი პრეზენტაციის შემდეგ ხმის უფლების მქონე დელეგატების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მასპინძლობის უფლება საქართველოს, ქალაქ ბათუმს მიეცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო, კერძოდ, ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. პირველად ბათუმში ჩემპიონატი 2019 წელს ჩატარდა. ყველა ღონისძიებამ ევროპის ფედერაციის უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს.

კონტინენტის პირველობა 160 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.