23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს 23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს გორ აივაზიანმა (57 კგ) მიაღწია. მომავალმა ჩემპიონმა ფინალამდე ბულგარელ, უკრაინელ, ირლანდიელ და ინგლისელ მეტოქეებს მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომხეთის წარმომადგენელი რუსლან ასლიკიანი 4-1 დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა გოგონათა ნაკრების წარმომადგენელ თათია ბუკიას (81 კგ) – ფინალში გასული უკრაინელ ირინა ლუცაკთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.
შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ბრინჯაოს მედლით მოიპოვა გიორგი გუცაევმა (86 კგ). მომავალი პრიზიორი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაება და ირლანდიელ კიან ჰედერმანს აჯობა, რასაც მეოთხედფინალურ ეტაპზე სერბ მარკო პიზურიცასთან გამარჯვებაც მოჰყვა. თუმცა, სამწუხაროდ, ნახევარფინალში ინგლისელ ტინ სტოტთან დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატში 12 მოკრივით მონაწილეობდა, სამივე ხარისხის თითო მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მეცხრე ადგილი დაიკავა.