ამბობენ, ადამიანი მთავარს და მნიშვნელოვანს უფრო შორიდან ამჩნევს და გრძნობსო. ამ პიროვნების შემთხვევაში ეს ალბათ გაორმაგებულად მოხდა…
– ჯუბა, როგორია შენი ცხოვრების გზა – „ბასკეთიდან – ბასკეთამდე“?
– ეს გზა ბოლო ჩვიდმეტი წლის მანძილზე გავლილი ჩემი ცხოვრებაა, როცა ოჯახის ერთი წევრი ტოვებს ქვეყანას და უცხო ქვეყნის „მოქალაქე“ ხდება. როცა ჩემმა მეუღლემ ქვეყანა დატოვა, ბავშვები, ქალ-ვაჟი გვყავს, 15-16 წლისანი იყვნენ. მათ დაამთავრეს სკოლა, უმაღლესიც, მაგრამ მათაც ემიგრანტობა მოუწიათ და ახლა ორივე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ასე, რომ ჩემი მოგზაურობის არეალი გაფართოვდა და ახლა ესპანეთი – ამერიკა – საქართველოს სამკუთხედზე მივდი – მოვდივარ. ესპანეთი უფრო ახლოს არის და მეც თითქმის ყოველ წელს სამ თვეს ამ ლამაზ და ბედნიერ ქვეყანაში მეუღლესთან სტუმრად ვატარებ.
– წლების წინანდელი სტუდენტობა მინდა გაიხსენოთ: სახელმწიფო უნივერსიტეტი როსტოვშიც დაამთავრე და თბილისშიც – რით იყო გამორჩეული თერგდალეულობის დროინდელი სტუდენტობა?
– როსტოვის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განხრით ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. როსტოვის ოლქში ვმსახურობდი, სტატიებს წამყვან საკავშირო გაზეთებში ვაქვეყნებდი და ჩემი ჟურნალისტობაც ამან განაპირობა. 1987 წელს, როცა ჩავაბარე, უკვე იგრძნობოდა ეროვნული გამოღვიძება, არა მარტო საქართველოში. რუსეთის ქუჩებში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ზურგზე მოკიდებულ მუყაოს ყუთებზე ეწერათ – თავისუფალი რუსეთი!“. მერე იყო ცხრა აპრილი, რომელმაც ჩემი სამომავლო გეგმები შეცვალა…
– საქართველოში დაბრუნება ერთ გამორჩეულ პიროვნებასთან შეხვედრის მერე გადაწყვიტე…
– არდადეგების დროს შეხვედრა მომიწია გაზეთ „მამულის“ მთავარ რედაქტორთან, ბატონ აკაკი ბაქრაძესთან, რომელმაც მირჩია სამშობლოში დავბრუნებულიყავი და სწავლა თსუ -ში გამეგრძელებინა. ჩემი მეორე დიპლომი (წარჩინების) ტელე-რადიო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ავიღე. ამჟამად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ და დისერტაციაზე ვმუშაობ. რაც შეეხება „თერგდალეულთა გზას“, ის ჩემთვისაც, როგორც დიდი „თერგდალეულებისთვის“, მსოფლმხედველობის, კარგისა და ცუდის, რაც მთავარია, შორიდან დანახული სამშობლოს გააზრება იყო…
– იქ ღამეების თევა მიწევდა გამოცდების ჩასაბარებლად, რადგან ტყუილად ნიშანს არავინ დაგიწერდა. აქ კი თავს ამ მხრივ მეტად „კომფორტულად“ ვგრძნობდი. ასე იყო თუ ისე იყო, მაშინდელი სტუდენტობა ბედნიერი ხანა იყო, ყველამ ვიცოდით, რომ დავამთავრებდით უმაღლესს და აუცილებლად სამსახური გვექნებოდა. ჩვენდა სავალალოდ, მერე აირია დრო და დღემდე ამ არეულ და ამღვრეულ მდინარეს მივყვებით.
– რომელია რეჟისორ ჯუბა გოგრიჭიანის ყველაზე საინტერესო ნამუშევრები?
– როცა ტელე-ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, რეჟისურას ისეთი პედაგოგები მასწავლიდნენ, როგორებიც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მერაბ ჯალიაშვილი და ალეკო ნინუა იყვნენ. ბატონი მერაბი ჩვენი კურატორიც იყო და ის საოცარი ემოცია, რომელიც ოთხი წლის მანძილზე მასთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობის დროს დამამახსოვრდა, დღემდე მომყვება. ჩემი საკურსო ნამუშევარი იყო იაპონურ კაბუკის თეატრზე, რომლის მაკეტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სხვადასხვა თემაზე გადაღებული ვიდეო-ფილმებიდან კი ორი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ერთი მათგანი, სოციალურ თემას ეხებოდა. მასში მთელი სიმკაცრით და რეალობით იყო გადმოცემული მაშინდელი რეალობა. მეორე ფილმს, რომელიც თემატურად განსხვავებული, მაგრამ ემოციურად უფრო დამთრგუნველი იყო, „3 კბმ მიწა“ ერქვა. ფილმი უპატრონო მიცვალებულებს ეხებოდა. მასზე მუშაობის დროს ჩუმად ვიპარებოდი ქალაქის მორგში და ცივ იატაკზე დაყრილ შიშველ, უპატრონო მიცვალებულებს ვიღებდი. მახსოვს ერთ-ერთი გადაღების დროს დაღამებამ მომისწრო, მანქანა ვეღარ ავამუშავე და ღამის გათენება ჯერ კიდევ მიწამიუყრელ მიცვალებულებთან მომიწია. ეს ორივე ფილმი ეკრანზეც გავიდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია.
– 1996 წელს, როცა ტელე-რადიო ინსტიტუტში ჩავაბარე, დღევანდელი „ჯუბა ღებელი“ არ ვიყავი, მაგრამ ექვსი წლით ადრე, ჟურნალებში „ნობათი“ და „ცისკარი“ ამ ფსევდონიმით უკვე მქონდა ლექსები გამოქვეყნებული. თუმცა ჩემი პირველი წიგნი ოფიციალური გვარ-სახელით დაიბეჭდა. გარდა ამისა, სტუდენტობის პერიოდში ვთარგმნე: პუშკინის, ლერმონტოვის, გუმილიოვის, მაიაკოვსკისა და ესენინის ლექსები. ისინი თითო-ოროლაა, მაგრამ თავისი მხატვრული ღირებულებით ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. თავის დროზე დიდი დრო და ენერგია ჩავდე პროექტში, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქალბატონმა ფატი ბიგვავამ რომ იტყვიან, ხელიდან გამოსტაცა იქაურ მთარგმნელობით ორგანიზაციას და ქართველებს ასამდე რუსი პოეტისა და პროზაიკოსის ნაწარმოები გადმოგვცა. ამ ნაწარმოებთა თარგმნას ჩემს მეგობრებთან, ნანა კვაშილავასა და გია ადამიასთან ერთად თითქმის ექვსი თვე მოვუნდი.
– აქვე გკითხავ: სიმღერად ქცეული შენი ლექსები როგორ მოგწონს?
– ამღერებულ ლექსებზე ჩემი შეხედულება მაქვს. ბევრს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ვთვლი, რომ პოეზიას ეს ვერაფერს მატებს, ლექსი-ლექსია და გინდა აამღერე, გინდა დაამღერე, მაინც თავისი მხატვრული ღირებულებით ფასდება. ძალიან ბევრ სიმღერას რომ ჩაუღრმავდეთ, ნახავთ, რომ ლექსისა და პოეზიისა მათში არაფერია, თუმცა სიმღერები ძალიან ლამაზია და კარგადაც ისმინება. ალბათ ამიტომაც დამკვიდრდა, რომ მათ ტექსტებს ეძახიან. ასე თუ ისე, საბოლოო ჯამში, ამ ამღერებულ ლექსებს პოპულარობა და შემოსავალი მომღერლებისთვის უფრო მოაქვს, ვიდრე ლექსის (თუ ტექსტის) ავტორთათვის. ისე არავინ გაიგოს თითქოს არ მსიამოვნებს, როცა ჩემს ლექსებზე შექმნილ სიმღერებს რადიოთი ან ტელევიზიით უსმენენ. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს და მიხარია კიდეც, თუმცა შეიძლება მსმენელთა ერთმა პროცენტმაც არ იცოდეს და არც აინტერესებდეს ლექსის ავტორი.
– ბოლო დროს ძალიან გამახარა ლაშა ღლონტის მიერ ამღერებულმა ლექსმა „ვიცი უნდა გნახო ხვალ“, რომელზე გადაღებულმა კლიპმაც ერთი თვის მანძილზე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო და მისი შექმნის ისტორია ახლაც არ ვიცი. მადლობას კი შორიდან ვუთვლი მის შემქმნელებს და მონაწილეებს: თავად ბატონ ლაშას, მუსიკოსს ქალბატონ თეა ჯინორიას, ჩემს ლიკა ჭელიძეს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ასევე ძალიან მიყვარს უნიჭიერესი გოჩა ჭაბუკაიძისა და ნეკა ბაკურაძის დუეტი, რომელიც აფხაზეთის თემას ეძღვნება და სიმღერას ჰქვია „ერთმა ქალმა ჩამიარა“. კიდევ ჩემს ბევრ ლექსზეა შექმნილი სიმღერა, ყველა ავტორს ვერ ჩამოვთვლი, მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს.
– მაინტერესებს ბასკეთში ჩასვლის პირველ დღეებში ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
– პირველად ესპანეთში გერმანიის გავლით ჩავედი. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ იყო და ამაში ჩემი უახლოესი მეგობარი და ნიჭიერი პოეტი ირმა შიოლაშვილი დამეხმარა. ბარსელონაში კიოლნიდან გადავფრინდი. მახსოვს, ჩაფრენისთანავე როგორ მიიპყრო ჩემი ყურადღება თვითმფრინავების კორპუსზე დატანილმა წარწერამ „IBERIA“. ამავე სტილის წარწერები ქალაქშიც მრავლად იყო – ბანკებზე, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ბანერებზე. მაშინ უცბად გამიქრა უცხოობის შეგრძნება და მივხვდი, რომ თავი მეორე იბერიაში ამოვყავი.
– ქართულ იბერიას რამდენად იცნობენ?
– ხშირად მიფიქრია, როცა ჩვენ იბერიის (ივერიის) გაბრწყინებაზე ვსაუბრობთ და ვლოცულობთ, როგორ შეისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვას, როცა სხვა სახელწოდების ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს ქვეყანა ზოგისთვის გრუზიაა, ზოგისთვის ჯორჯია, ვისთვის ვრასტანი… კიდევ უფალმა უწყის რომელ ქვეყანაში როგორ მოიხსენიებენ. ისიც ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემს სამშობლოს საქართველო აღარ ერქვას (ეს ჩემთვის ქრისტეს სისხლთან და ხორცთან დაკავშირებული მცნებაა), თუმცა მჯერა, რომ იბერიის სახელდების შემთხვევაში, მსოფლიოც უფრო გაგვიცნობს და იბერიული ქვეყნებიც გვაღიარებენ, როგორც მათ წინამორბედსა და წინაპარს…
– ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჩვენს მენტალობასა და სამშობლოსადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე მეტყველებს. არაგონის კუთხეში პატარა ქალაქი არნედოა, სადაც ქართველთა ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათზე ცოტა მეტი სომხეთიდან ემიგრირებული ოჯახია, რომლებმაც ეს პატარა დაბა თუ სოფელი, ფაქტობრივად, ქალაქად აქციეს. ფეხსაცმლის წარმოების დიდ მანუფაქტურებში ემიგრანტებიც არიან დასაქმებული. ამ ქალაქში ცხოვრობს ჩემი დეიდაშვილი ოჯახით, რომელმაც სტუმრად მიმიწვია და დიდი სუფრა გაშალა. 30-40 კაცამდე ვიქნებოდით. სტუმრებს შორის სომხებიც იყვნენ. უცებ ყური მოვკარი ერთი სომეხი როგორ ეკითხება მეორეს: როგორაა ჩვენი ავტონომიის საქმე, კიდევ დიდხანს უნდა გვალოდინონო? მეორემ უპასუხა: დღე-დღეზე მივიღებთ დადებით პასუხსო. ბიჭებს ვკითხე რაზე საუბრობდნენ და გულწრფელად მიპასუხეს, რომ აქ ათას ოჯახზე მეტი ვართ სომხები, ესპანური კანონმდებლობით ავტონომია გვეკუთვნის და მთავრობაში წერილი გვაქვს გაგზავნილიო. სანამ იგივე კითხვით ჩვენებს გავესაუბრებოდი, ისევ მათთან გადავამოწმე – ალბათ ქართველებსაც მეთქი. მათ ნახევრად იუმორით მიპასუხეს:- არა ძმაო, ქართველები ხომ საქართველოს გარეშე ვერ ძლებენ და განცხადება არ შეიტანესო…
– ქართველებმა თუ დაგიდასტურეს მათი ნათქვამი?
– დიახ, მეორე დღეს ეს საკითხი შედარებით უფრო პატარა სუფრასთან წამოვწიე. ამ ჩემმა გულიანმა ქართველებმა დამიდასტურეს სომხების ნათქვამი: ჩვენ აქ დროებით ვართ და ამათი ავტონომია რაში გვჭირდებაო?!. ეს ამბავი დაახლოებით შვიდი, რვა წლის წინ მოხდა. დღეს ქართველები ისევ იმ პატარა ქალაქში არიან და ალბათ, კიდევ კარგა ხანი მოუწევთ ყოფნა. ჰოდა, ჩემს არნედოელ ქართველებს მივმართავ: თქვე კაი ხალხო! მოგეთხოვათ თქვენც, თუ არაფერ შეღავათს მოგცემდათ, პურს და წყალს, ხომ არ გართმევდათ?!. ამას მე გულუბრყვილო პატრიოტიზმს ვეძახი.
– სიამოვნებით, ამ ლექსს ასევე ჰქვია -„ესპანეთი“.
აქ ქუჩა-ქუჩა დავდივარ და ვეძებ ლამანჩელს,
ლამანჩელივით ესპანეთი იძრწვის ქარისგან,
ქრისტეს ჯვარმცმელი დედამიწა ელის განაჩენს,
ეშაფოტზეა ფედერიკო ლორკა გარსია…
როკავს სამყარო, გათელილი ცხენის ფლოქვებით,
ყველა ზეიმი და ქორწილი სისხლიანია,
დგას ესპანეთი, იბერიის კვერთხის მპყრობელი
და არ იცის, რომ საქართველო მამის სახლია…
პირენიიდან დაუბერავს ქარი ანდების,
ყველა ქარს და ნისლს სადგომი აქვს კავკასიონზე,
ქუხს ესპანური პოეზიის ფოლიანტები
და გალაქტიკა ვერ პოულობს გალაკტიონებს…
დასაბამიდან დედამიწა ცოდვის ცეცხლშია,
აწვიმს ღრუბელი გალისიას, მადრიდს, არაგონს,
საუბედუროდ სულის სარჩო ისევ ვერცხლია,
მამლის ყივილი თავს გვახსენებს დილა-საღამოს…
ვცეკვავ ფლამენკოს ბოშასავით ალმორეული,
იბერიელთა კურულია ჩემთვის კორიდა,
აქ საქართველო, ქრისტესავით ჯვარზე ვნებული,
დილის რიჟრაჟზე დამენახა, ისე მომინდა…
დგას ესპანეთი, იბერების დიდი ქვეყანა,
აქაც მე ჩემი მცირე მიწის გოჯით ვამაყობ,
ქართველს რაღაცა საერთო აქვს მაინც ყველასთან,
გაბრწყინებული იბერიით ვუმზერ სამყაროს!..
– თქვენს ლექსში ამბობთ, რომ „ქართველს რაღაცა საერთო აქვს მაინც ყველასთან“ და რა არის ის, რითაც არავის ვგავართ?
– ჩვენ არ ვართ პრაგმატული ხალხი, უფრო თბილი ურთიერთობის მოყვარული, რომანტიკული ხალხი ვართ. ამით არავის ვგავართ. მიუხედავად მუდმივი დაპირისპირებებისა, რაც ძირითადად, პოლიტიკის გამო ხდება, ქართველებს ერთ მუშტად შეკვრა და გაერთიანება შეგვიძლია. ერმაც და ბერმაც ერთი რამე უნდა იცოდეს, რომ ქართველი შიმშილს და სიცივეს აიტანს, მაგრამ ღირსების აყრას არავის აპატიებს. საუბრის ბოლოს ჩემს ხალხს და ქვეყანას კარზე მომდგარ არჩევნებში ღირსეულთა საპირწონე გამარჯვებას ვუსურვებ…
თეონა გოგნიაშვილი