ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის PeopePR ორგანიზებით, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული ღვინო საფერავის დეგუსტაცია – სემინარი „Saperavi Experience: Secrets of Georgia’s Red Treasure“ გაიმართა.
100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო პოლონეთის დაბა პშჭევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდა. მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.
“ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, პოლონეთში, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, – ნათქვამია ღვინის ერივნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.