ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მოსწავლე და ჭაბუკ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოკრივეებმა 12 მედალი – 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – მოიპოვეს.
ჩემპიონები მოსწავლეთა ასაკის მოკრივეებს შორის ზაზა მდინარაძე (46 კგ), ნიკოლოზ ხიზანიშვილი (50 კგ), თემურ პავლიაშვილი (57 კგ) და გორ კაზარიანი (66 კგ) გახდნენ; ჭაბუკებს შორის კი ოქროს მედალი შალვა ბერიძემ (46 კგ) მიიღო. მდინარაძემ, პავლიაშვილმა და კაზარიანმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, ესპანეთის, წარმომადგენლები დაამარცხეს, ბერიძემ მექსიკელ მოწინააღმდეგეს აჯობა, ხოლო ხიზანიშვილმა თანამემამულე მათე ვოლოშინს მოუგო.
მათე ვოლოშინის გარდა, ვერცხლის მედლები მირიან ვოლოშინმა (52 კგ), დანიელ რამიზოღლიმ (50 კგ), ბექა ოქრუაშვილმა (54 კგ) და ალექსანდრე ბალაძემ (80 კგ) მოიპოვეს, საპრიზო მესამე ადგილი კი გიგი ნონიკაშვილმა (66 კგ) და ბაქარ ფალიანმა დაიკავეს.