1881 წლის 24 ივლისს მიხაი ზიჩი წერს: „მე მივემგზავრები კავკასიაში. იმ მიზნით რომ გამოვცადო და ვიპოვო ახალი წარმატება, ახალ სამყაროში სიმშვიდესთან ერთად. აქ ევროპაში მე ყველაფერი საკმარისი მქონდა. მე მხოლოდ მას შემდეგ გავიგებ ჩემი დაბრუნების სავარაუდო დროს, როდესაც ჩავალ და ვიცხოვრებ იქ. გთხოვთ, ყველა წერილი გამოგზავნოთ ტიფლისში“.
სწორედ ამ პერიოდში, 1881-1882 წლებში გიორგი ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა, შედგა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია იონა მეუნარგიას თაოსნობით. კომისიაში მონაწილეობდნენ დიდი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი პეტრე უმიკაშვილი და სხვები. წიგნის დასასურათებლად მიხაი ზიჩი მოიწვიეს.
წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები.
ზიჩი გაეცნო ქართველ მოღვაწეებს . იონა მეუნარგიამ მას ვეფხისტყაოსანი ფრანგულად გააცნო, აჩვენა ვეფხისტყაოსნის ცოცხალი სურათები. ზიჩი მოიხიბლა ამ პოემით და მისი დიდი თაყვანისმცემელი გახდა . ზიჩი თავად წერდა: რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ახლაც ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენდა ქართველთათვის – როგორც პოლიტიკური და მორალური წყაროო.
ზიჩი ხატავდა ნატურიდან, შესაფერ ტიპებს არჩევდა და ბოლოს ისე მოიხიბლა ვეფხისტყაოსნით, რომ 12 ნახატის მაგივრად(საგამომცემლო კომისიამ ზიჩის მხოლოდ 12 ნახატის დახატვა სთხოვა) 34 ნახატი დახატა.
ქართველიშვილისეულ გამოცემაში ზიჩის 26 ილუსტრაცია დაიბეჭდა. ზიჩის 34 ილუსტრაცია 1903 წელს გამოაქვეყნა დ. კარიჭაშვილმა.
ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეულ გამოცემას აქვს გამომცემლობის საინტერესო მინაწერი: „სურათების დახატვა ამ ტექსტისათვის იკისრა უსასყიდლოდ გამოჩენილმა მხატვარმა ზიჩიმ, რომელსაც ამ დავალებისთვის უსაზღვრო მადლობას ვუძღვნით.”
მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი 1888 წელს გამოიცა. გიორგი ქართველიშვილმა ამ გამოცემაზე 12,000 მანეთი დაიხარჯა. გამოცემის სრული ტირაჟი კი საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საჩუქრად და მისგან შემოსული თანხით სტამბის გამართვის საკითხი დააყენა.
ცნობილია, რომ მიხაი ზიჩის ინიციატივით ბელა ვიკარმა „ვეფხისტყაოსანი“ უნგრულ ენაზე თარგმნა.