თუკი სოციალურ ქსელებში, როგორც თავად ეძახის, პირწიგნაკის გვერდს თვალს მივადევნებთ, იმდენად ღრმადაა ქართულ ყოველდღიურობაში ჩაფლული, რომ ბევრს აქედან წასული არც ეგონება. არადა, 22 წელზე მეტია, რაც იტალიაში, პავიის უნივერსიტეტში ასწავლის. ქართველი ფიზიკოსის და მოლეკულური ბიოლოგის 50-ზე მეტი სრული კვლევის შედეგი-სამეცნიერო სტატია უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული. პირველად, იტალიაში როგორც საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის (ICGEB, International Center of Genetic Engineering and Biotechnology) სტიპენდიატი, 1996 წელს ჩავიდა.
თუკი მის საქმიანობაზე უფრო სრული ინფორმაციის გაგებას მოისურვებთ, შეგიძლიათ PubMed-ის სამეცნიერო ინფორმაციის ყველაზე სრულყოფილ საბიბლიოთეკო ბაზის საძიებო სისტემაში სოლომონ ნერგაძის სახელი და გვარი შეიყვანოთ, შედეგები მართლა გაგაოცებთ.
– პავიას უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, იტალიელ პროფესორ ელენა ჯულოტოსთან (Prof. Elena Giulotto ) ჯერ კიდევ, 1995 წლიდან მქონდა მიმოწერა. 2000 წელს იტალიის შემდეგ წავედი კანადაში, ონტარიოში, სადაც ჰამილტონის მაკმასტერის უნივერსიტეტში ვიმუშავე. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. 2002 წელს კი ემიგრაციაში წასვლა ისევ მომიწია.
– ყველაზე რთული რა იყო მაშინ თქვენთვის?
– ემიგრაციის ყველა წელი რთულია, მაგრამ პირველი წლები მაინც განსაკუთრებით. როცა სრულიად ახალ გარემოსა და განსხვავებულ საზოგადოებასთან შეგუება გიწევს. ყველაზე რთული ოჯახისა და ახლობლების მონატრება იყო. იმ დროს თბილისში, დავტოვე ორწელიწად-ნახევრის გოგონა, ქრისტინე და ახალშერთული მეუღლე, ობჩის ყველაზე ლამაზი გოგონა, რომელიც მეორე შვილზე იყო ფეხმძიმე. ჩემი ბიჭი, ლუკა, იმ წელს დაიბადა. როცა პირველმა შთაბეჭდილებამ, მე ვიტყოდი, „ელდამ“ გაიარა, აღმოვაჩინე, რომ იტალიელები ჩვენგან ბევრით არ განსხვავდებიან და ჩვენნაირი ტემპერამენტის ხალხია.
– შორიდან საკმაოდ კარგად ახერხებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებას…
– ეს სიმართლეა, რადგან ქართულ ყოველდღიურობაში ნამდვილად ჩართული ვარ. ჩემი ძველი ჯიბის ტელეფონი რადიოდ ვაქციე. როცა მძინავს, მაშინაც კი ჩართულია. ჩემს ქვეყანას რაც შეეხება, ყველაფერს მანქანის რადიოთი ვუსმენ. ვცდილობ, მხოლოდ შედეგების მიხედვით ვიმსჯელო, რადგან მეცნიერებაში დასკვნები მხოლოდ შედეგებით კეთდება. ვცდილობ, ჩვენს ყოველდღიურობას თვალი მივადევნო და ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი ვიყო. ფინანსურად არავისზე ვარ დამოკიდებული და “ვყოფნი” ხელფასს, რომელსაც პავიას უნივერსიტეტი მიხდის.
– “Facebook”-ს „პირწიგნაკს უწოდებთ…
– გმადლობთ, რომ გაიხსენეთ. პირწიგნაკი-ჩემი მიგნება არ გეგონოთ. ჩვენი მეგობრის და სეხნიის, სოლომონ გოგაშვილისაა, რომელიც ერთ-ერთი ჩვენებურია-მშვენიერი ხალხური ანსამბლიდან „ჩვენებურები”. ეს სიტყვა მისი გვერდიდან ავიტაცე. ერთხელ თურმე მისი ახლობლის ბავშვმა “Facebook”-ი ვერ გაიხსენა და პირწიგნაკი თქვა. ეს სიტყვა ისე მომეწონა, რომ ვცდილობ ხშირად გამოვიყენო. ვინ იცის, იქნებ, დამკვიდრდეს კიდეც. პირწიგნაკზე მრავლად არიან მეგობრები, რომლებიც თავისუფლად და რაც მთავარია, ყოველგვარი შერბილების გარეშე გამოთქვამენ ლოგიკურ ნააზრევს. ილიას შეგონებას – „მოყვარეს პირში უძრახეო“ მისდევენ, რაც ჩვენი საზოგადოების ნაწილს არ სიამოვნებს.
– როგორც მოლეკულურ ბიოლოგს ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნიათ?
– ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მოდით, რამდენიმე მძიმეწონიან შედეგს ჩამოვთვლი, რომელსაც პროფესორ ელენა ჯულოტტოს ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მიაღწია. საერთაშორისო თანამშრომლობით, ჩვენ პირველებმა გავშიფრეთ ცხენის გენომი, მისი მთლიანი სექვენსი (ნუკლეოტიდური თანამიმდევრობა). ეს შედეგი ამ საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნდა. ასევე, პირველებმა აღმოვაჩინეთ არაკლინიკური, სახეობაში ფიქსირებული ცენტრომერები, რომლებიც სატელიტური განმეორებითი სექვენსებისგან სრულიად თავისუფლები არიან. პოპულარულ ენაზე რომ ვთარგმნო, ჩვენ სამეცნიერო თანამეგობრობას ცენტრომერების ბიოლოგიაში სამუშაოდ მივეცით ბრწყინვალე სამოდელო სისტემა, რაც ცენტრომერების ფუნქციის კვლევას და მისი წარმოქმნის ისტორიას აადვილებს. სხვათა შორის, ცენტრომერა ერთადერთი სტრუქტურაა ქრომოსომის, რომლის კვლევის შედეგი ნობელით ჯერ არ აღნიშნულა.
– მარტივი ენით რომ ვთქვათ, რაში მდგომარეობს კვლევის არსი?
– მარტივი ენით რომ აგიხსნათ, თემა ასეთია: თუ ადამიანს ლამაზი თვალები აქვს, ეს გენებითაა განსაზღვრული და მის ქრომოსომებს ცენტრომერა სად ექნება, ეს გენებში არ წერია. ამას ეპიგენეტიკა განსაზღვრავს. ასევე ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა ისიც, რომ ტელომერები – ქრომოსომათა დაბოლოებები, რომლებიც ქრომოსომას პოტენციური დაზიანებებისგან იცავენ, ტრანსკრიბირდებიან. ჩვენ აღმოვაჩინეთ მათი პრომოტორები (ისინი წყვეტენ როდის და რამდენჯერ ტრანსკრიბირდნენ). სხვა ძლიერი და არც ისე ცოტა შედეგებიც გვაქვს. ამჟამად ვწერ ლექციების ციკლს თემაზე – „მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდები“. ვფიქრობ, ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ასპირანტებს გამოადგებათ. მე სპონსორის მოძიებას ვცდილობ და მინდა, რომ წიგნი სტუდენტებს და უნივერსიტეტებს უფასოდ დავურიგო.
– ფოტოზე, რომელიც ამ მასალისთვის მოგვაწოდეთ ვისთან ერთად ხართ?
– ვიცი, რომ სტუდენტებს თქვენდამი თბილი დამოკიდებულება აქვთ…
– თუკი ტრაბახში არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ ისინი საღამოობით მეპატიჟებიან ხოლმე ბარში, სადაც ყველაფერზე გულღიად ვსაუბრობთ. ხშირად გვიწევს საქართველოზე საუბარი და ხანდახან ისეთ რამეს მეტყვიან, რომ მიკვირს, მათ ხომ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ უსწავლიათ. სტუდენტები სანამ ჩვენთან ჩამოვიდოდნენ, დაინტერესდნენ და მკითხეს: პროფესორო, რის ნახვას გვირჩევთო? წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული.
– დარწმუნებული ვარ, თქვენმა კოლეგებმა და სტუდენტებმა საქართველოზე უკვე ბევრი რამ იციან…
– ახლა იციან, მაგრამ გასულ საუკუნეში ცოტა უჭირდათ იმის გაგება, რომ საქართველო (ჯეორჯა, ჯორჯია) ამერიკის შტატი კი არა, დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველოს გაცნობაში თავისი წვლილი ქართველ ემიგრანტებსაც მიუძღვით. განსაკუთრებით და სიამაყით უნდა ვახსენო საუკუნის დასაწყისში დაარსებული ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი”. მისი დამფუძნებელი მეცნიერი, ყაუხჩიშვილების გვარის ღირსეული ქალბატონი, პროფესორი ნინო ყაუხჩიშვილია. მან მილანში და მის გარშემო მიმობნეული ქართველები შეგვკრიბა და ეს საზოგადოება დააარსა. ჩვენთან ხშირად ეწყობა საინტერესო შეხვედრები და გაცნობითი ხასიათის საღამოები, რომელსაც ქალბატონ ნინოს გარდაცვალების შემდეგ, მისი პრეზიდენტი, ლიტერატორი და საუკეთესო მთარგმნელი, ნუნუ გელაძე უძღვება. საზოგადოების წევრები, ქართველი ემიგრანტები და იტალიელი მეგობრები აქ დიდ სამუშაოს ეწევიან.
– დიახ, „ემიგრანტის ჩანაწერების“ ციკლის ბოლო, მეოთხე წიგნი ორენოვანი, ქართულ-იტალიურია. ბოლოს ერთი მინი რომანი და ვრცელი მოთხრობა დავწერე. პირველი სიყვარულის ძიებაზე, მის პოვნაზე, დაკარგვასა და ხელახლა პოვნაზეა. მეორე, „ძველი სამრეკლოს სევდა“ უფრო ომზე ფილმის სცენარია – სიცოცხლეზე ომიდან – ომამდე და ბედნიერების ხანმოკლე ბუნებაზე. ღმერთმა ქართველებს ყველაფერი უხვად მოგვმადლა: ნიჭი, არტისტიზმი, ბრძოლის, არ დანებების, თვითშეწირვის უნარი. ოღონდ, გონებით განსჯის უნარი არ მოგვცა – ამ ყველაფერზეა, იმედია, მალე გამოვაქვეყნებ. მალე გამოვა ჩემი ვრცელი მოთხრობა „მთვარის უმზეური კედარო“, რაც ასევე ფაქტობრივად, ფილმის სცენარია.
– სასწავლო საქმიანობაზე მინდა გკითხოთ: ერაზმუს-პროგრამის დახმარებით, თქვენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში წაიკითხეთ ლექცია-სემინარები, რა დაგამახსოვრდათ?
– ორივეგან ბედნიერი ვიყავი. თბილისის უნივერსიტეტი ისედაც მშობლიურია და მასთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. ქუთაისის უნივერსიტეტთან დამოკიდებულებას კი ვერ აგიხსნით – ეს უფრო ერთი ნახვით შეყვარება იყო. თავი მშობლიურ გარემოში ვიგრძენი. პროფესორ ნანა ჯულაყიძეს ადრე შორიდან რომ ვიცნობდი, ამჯერად უფრო დავუახლოვდი. ამ უნივერსიტეტში განსაკუთრებული სითბო და საქმიანი ატმოსფეროა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ცალკე თემაა, რაც ძალიან მახარებს. ადრონული თერაპიის ცენტრის აშენებას და გახსნას ისე ველოდები, ვერ აგიწერთ. დიდებული საქმე კეთდება და ამას წლების შემდეგ უფრო მივხვდებით.
– როგორია თქვენი, როგორც წარმატებული მეცნიერის კრედო და დროებითი ემიგრანტის ოცნება?
– ჩემი, როგორც მეცნიერის კრედო, რაც ადრე მქონდა, იგივეა: „მინდა ვასწავლო კიბოს უჯრედს, როგორ მოიკლას თავი!“. სანამ ვმუშაობ და წინ მივდივარ, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. მერე სხვები მოვლენ და ჩემს დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. რაც შეეხება ოცნებას, ვოცნებობ, რომ საქართველოში, უნივერსიტეტში, მოლეკულური ბიოლოგიის, ან ბიოინფორმატიკის სალექციო საათები მქონდეს. საქმე თუ ასარჩევად გამიხდა, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ვარჩევდი, აგრეთვე ახალ, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და ცხადია, მშობლიურ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. საბოლოოდ ჩემი საცხოვრებელი ადგილი მშობლიურ ბაღდათშია, იქ მინდა დავსახლდე. მოკლედ, ჩემი ცხოვრების გზა საქართველოში მოდის და სხვანაირად, ღმერთმა ნუ ქნას….
თეონა გოგნიაშვილი