თამარ ბოლქვაძის ვერბალური „სელფი“

მისი პოეზია შეიძლება ითქვას, რომ მისივე ცხოვრების ალგორითმებია და ამ მოცემულობაში როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს… ტკივილის გადატანაში სიკეთის დანახვა და იუმორი შველის. მას შემდეგ, რაც მის „ფორიაქა გურულ ნატურას რაჭულმა სიდინჯემ მოსცხო სიმშვიდის მალამო“, ირწმუნა, რომ სიყვარული არასოდეს მთავრდება. ამიტომ მისი ლექსები გრძნობების გარითმულ კარდიოგრამას ჰგავს. ალტერ ეგოსთან დარჩენილი არასოდეს იწყენს და გამართლება სიმარტოვესაც მოუძებნა. ვინც ჯერ კიდევ ვერ „იცანით“, საუბარია, პოეტსა და ჟურნალისტ თამარ ბოლქვაძეზე.

თამარ, რადგან შენი ლექსები ბიოგრაფიულიცაა, სურვილი გამიჩნდა, რომ კითხვები შენივე სტროფებიდან „ამომეკენკა“, წინააღმდეგი არ ხარ?

– არ ვარ, რადგან ჩემი ლექსებიდან ამონარიდებით რომ გამესაუბრები, ძალიან მომწონს. კარგი მკითხველი, ცვეტაევასი არ იყოს, რაღაც დოზით, შემოქმედებითი პროცესის თანაავტორიც ხდება, ისეთ სტიმულს გაძლევს…

ერთ ლექსში ამბობ: „მოხუცებულებს ბავშვობა აქვთ სულ სასაუბროდ“ – თუმცა, სიბერემდე შორია, მაინც გკითხავ: „როგორც ლამაზ წუთშესვენებას“ ხშირად რომელ ბავშვობისდროინდელ ამბავს იხსენებ ხოლმე?

– მოხუცებს ბავშვობა სულ თან დააქვთ, როგორი დემენციაც უნდა დაემართოთ. მართალი ხარ, ჯერ მოხუცობამდე ბევრი დრო მაქვს, მაგრამ ბავშვობის ყველაზე ლამაზ მოგონებად, ზრდასრული ასაკის „წუთშესვენებად“ რომ მოინათლოს, ერთ ამბავს მაინც გავიხსენებ: იტალიურ ეზოში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენი სახლის სახურავზე ერთი პატარა სახლუკა იდგა, ადრე, თურმე იქ ფოსტალიონი ცხოვრობდა. იმ სახლში მოხვედრა მხოლოდ ძალიან საშიშ, დამრეც სახურავზე გადაცოცვით შეიძლებოდა. ჰოდა, მეც გადავფორთხდი და ფოსტალიონის სახლი ჩემს შტაბად გამოვაცხადე, დროშად კი დედაჩემის თავსაფარი გადმოვკიდე. ის იყო ჩემი ბავშვური ოცნებების კოშკიც და სასახლეც…

ქართველ პეპის რაიმე ამბავიც ექნება გასახსენებელი…

– ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს შტაბში ეზოს სამი ბიჭი ამოვიდა სიგარეტის მოსაწევად. ჯერ არასრულწლოვნები იყვნენ და მშობლებს უმალავდნენ. როცა დამინახეს, ელდა ეცათ. სამივემ ერთად მკითხა: ყველაზე ძალიან რას ინატრებდიო? მეც თვალის დაუხამხამებლად ვუპასუხე: შოკოლადის სამი ნაყინი და სამი ზეფირი-მეთქი.15 წუთში შვიდი წლის თამრიკო შოკოლადის ნაყინით მოთხუპნული, ცხვირზე ზეფირის პუდრმოყრილი იჯდა და ბედნიერად იღიმებოდა…

– „ის ბოლო მზერა სვირინგივით გულზე დამრჩება, რაც ვერ მითხარი“. ეს სტროფი მეუღლეზე დაწერე. თქვენს სიყვარულზე დღემდე ბევრს საუბრობენ…

– 30 წელი არასტანდარტული, არავის მსგავსი ერთმანეთობა გვჭირდა. კამათიც გვქონდა და ჩხუბიც, მაგრამ, არავის ეგონა, რომ ერთმანეთი ასე გვიყვარდა. უტკბილესი ქმარი, მამა და ბაბუ იყო. ბევრი რამ ადარდებდა, მაგრამ წუწუნი არ უყვარდა. ბავშვთა ისეთი ქირურგი იყო თემო გოცირიძე, დღეს სანთლითაც რომ ვერ იპოვი. მისი გარდაცვალების შემდეგ სატელეფონო ზარები ორი თვე არ წყდებოდა. მადლიერი პაციენტები, ვინც მისი ამბავი გვიან გაიგო, მის საფლავზე მიყვანას მთხოვდნენ. თემოს გარდაცვალებამ საოცარი რამ დამმართა. ამდენი ლექსი არასდროს დამიწერია, ტყუილად კი არ ამბობენ, პოეზიის დედა ტკივილი და დარდიაო. ჩემი „დარდის დღიურები“ ახლაც ივსება. მას სულ ლექსებით ვესაუბრები და ვერავინ დამაჯერებს, რომ არ ესმის… „ის ბოლო მზერა სვირინგივით“ მართლა დამიტოვა თემომ გულზე. რეანიმაციის ბლოკში ჩაყვანამდე თავი მოაბრუნა და ისეთი თვალებით შემომხედა, რომ ეს დამშვიდობებაც იყო, სიკვდილთან დანებებაც, სიცოცხლის ბოლოს სიყვარულის ახსნაც და ამ ერთ მზერასა და წუთში ჩატეული კიდევ ბევრი რამ…

ერთ ლექსში ამბობ: „გამოვუძებნე გამართლება ჩემს სიმარტოვეს, მართლა დავრწმუნდი, რომ ჩემს თავთან სულ არ მწყინდება.“ რა არის ის, რის გამოც არ ხარ მოსაწყენი?

– ჰოო, იმდენი გვაქვს სასაუბრო მე და მეს, რომ ჩემს თავთან ნამდვილად არ მწყინდება. როგორც ვიცი, არც სხვებისთვის ვარ მოსაწყენი ადამიანი. დარდს თვითონ ვუმკლავდები და სხვას თავზე არ ვახვევ. ყველას თავისი საწუხარ-სადარდელი აქვს. ვცდილობ, საინტერესო ვიყო, სამყაროს  დადებით იმპულსებს ვუგზავნი. მადლიერი ვარ ყოველი გათენებული დღის და ყველა იმ ადამიანის, ვინც გვერდში დამიდგა. არასდროს მავიწყდებიან ჩემი კეთილისმყოფელნი, გურული იუმორიც მშველის, ეს რომ არა, ალბათ აქამდე ყვავები წამიღებდნენ.

-„ამ გურულ ქალს არსად ისე არ მეწერება ლექსები, როგორც რაჭაში, ნეტა, რატომ?“- ეს ნათქვამი ხომ არ გააპროტესტეს გურულებმა?

– რაჭა ჩემი მეუღლის სიყვარული იყო და იქ ხშირად ჩავდიოდით. თემომ მთელი რაჭა მომატარა, ულამაზესი ადგილები მაჩვენა და მეც გამეხსნა, მაგრამ, რა გამეხსნა?! მთელი ციკლი მივუძღვენი რაჭას. ალბათ, ამ ფორიაქს გურულ ნატურას, რაჭულმა სიდინჯემ მოსცხო სიმშვიდის მალამო. ამ ნათქვამზე ჩემი გურული მკითხველი ვერ გამინაწყენდებოდა, რადგან გურიაზე იმდენი და იმნაირი მაქვს დაწერილი, გინდა ლექსი და გინდა მოთხრობა, რომ, მთელ გურულ დუნიას ეყოფა „სამიდღემჩიოდ“…

აქვე, რომელიმე გურულ ამბავს ხომ არ გაიხსენებ?

– ამ ამბავს, შენი და მკითხველის ნებართვით, გურული კილოკავით გიამბობ: ერთი ენაკვიმატი მეზობელი გვყავდა სოფელში, შინაბერა ანეტა, თავის თავს გაუთხოვარს ეძახდა, შინაბერა რომ გეთქვა, ცოცხით გამოგეკიდებოდა. ყველა გათხოვილი ნათესავი ამოღებული ჰყავდა სანათესავო სიიდან. მხოლოდ გასათხოვრებთან ახლობლობდა. ჰოდა, ამფერი ქე ჩამოუვიდა თბილისიდან, სტუდენტი ძმისშვილი. მე ამ დროს მწვანილიზა ვარ მის ეზოში გადასული. მაკიდო ჰქონდა ისეთი, მისით შეკმაზულ კერძს უმადაც შეჭამდი. ვხედავ, ახალგაზრდა გოგო გამოვიდა ჩეჩმიდან (გურული საპირფარეშო) და მამიდას უსაყვედურა: ანეტა მამიდა, რაია, აგი ჩეჩმა სახლის წინ, პირდაპირ გზისპირას რომ გიდგას, თან კარის ნაცვლად ტილო რომ გიკიდია, ისიც სანახევროდ, გამვლელ-გამოვლელი ხომ დამინახავდა და შევრცხვებოდიო! – დემთხუე, ცა, მთავარია, სახეზე არევინმა გიცნოს, თვარა, ქვევით, მაგი სასიქადულო ადგილი ყველას ერთნაირი აქვსო – მიუგო ანეტამ. ვიღას ასხოვდა მაკიდო და ა, კიდო! ისეთი ხარხარი აგვიტყდა მე და ანეტას ძმისშვილს, რომ გამვლელ-გამომვლელი გაოცებული გვიყურებდა…

– ვაგრძელებ შენს ლექსებში „ფორიაქს“. ამბობ, რომ „თავისუფალ ფრენად ღირს სიცოცხლეო“ და გაქცევა, რომელსაც ახსენებ რისგან თავის დაღწევაა?

– ზოგჯერ მგონია, რომ პანდორას ყუთიდან ყველა უკეთურობა ამოხტა: ზიზღი, სიძულვილი, გაუტანლობა, ზღვარგადასული ამპარტავნება, აქილევსის ქუსლად ქცეული შური, ღირსების არქონა. ამ ყველაფერმა ჩვენი გულებიდან ადამიანში ძნელად საპოვნი ადამიანობა და სიყვარული განდევნა. სწორედ ამ ყველაფრისგან გაქცევას გულისხმობს ჩემი ლექსის სტრიქონი. სად გაქცევა?- წარმოსახულ სამყაროში, მადლობა ღმერთს, უკიდეგანო ფანტაზია მაქვს და ხან სად გავშლი ფრთებს და ხან სად, ერთხელ, საკუთარ თავსაც გადავუფრინე. ახლა არ მკითხო: აფრენ ხოლმეო?

ასეთ კითხვას შეგნებულად არ ვუსვამ ხოლმე პოეტებს…

– მართალი ხარ. განა არსებობს პოეტი გაფრენის სურვილის გარეშე? სხვათა შორის, ბავშვობის სიზმრებში სულ დავფრინავდი, თან ძალიან მაღლა. რაც ასაკი მომემატა, ფრენა კი მესიზმრება, მაგრამ მაღალ ვირაჟებზე ვეღარ გავდივარ, ჩემი სახლის სახურავს თუ გადავუფრენ, ისიც, ტელევიზორის ანტენებზე ფრთების წამოდებით…

არ გესმის, დროის მრავლჟამიერი?/ ცოცხლობ, სანამ რამე გაკვირვებს“. რა არის ის, რაც თამარ ბოლქვაძეს სულ აოცებს?

– რა მაოცებს? – ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანისთვის სიხარულის ჩუქება შეუძლია, ამ პრობლემებით გაპიპინებულ დროსა და გარემოში შენი სადარდელისგან გამოთიშვა შეუძლია და ამას უანგაროდ აკეთებს. საბედნიეროდ, მყავს ასეთი ერთადერთი და განუმეორებელი ნათესავიც და მეგობარიც, ნინო გიორგობიანი. კიდევ, სხვისი ნიჭიერებით სიხარული მიკვირს, სადაც შურისთვის იოტისოდენა ადგილიც არ არის. იცი, ეს ყველაფერი რატომ მიკვირს? იმიტომ, რომ გადავეჩვიეთ…

– ლექსი, რომელიც შენი ავტოპორტრეტია…

– ესეც ჩემი „ავტოპორტრეტი“, მართლა ასე ჰქვია ჩემს ამ ლექსს.

 აბა, რა გითხრა…

გადავაბიჯე შუა ასაკს, კარგა ხანია,

კარგად მასწავლეს ძმებმა -ზმნებმა საქმის კეთება.

ხან მეძნელება ეს ცხოვრება, ხან მიხარია,

და შიგადაშიგ სულს უჩივის სულისკვეთებაც…

მე არ ვყოფილვარ არასოდეს „ვაშა გოგონა“!

არც „ურა“ ბიჭებს არ ვწყალობდი, ჰალსტუხიანებს…

ის განწყობა მაქვს, სწორედ ამ დროს, შარშან რომ მქონდა,

თავსაც უბრალოდ საყველპუროდ შევეხმიანე…

სულში ჩახედვა ვის სჭირდება, თუმცა ნიჭია,

მოუცლელობის საუკუნემ სული დაცალა.

ჰო, მართალია, გული ზოგჯერ ხელით მიჭირავს,

მაინც არ ვირგებ მოდურ როლებს, ეს ვარ, რაცა ვარ…

მიყვარს ოთხფეხას ერთგულების კუდის ქიცინი,

ორფეხასაგან უჭკუო თუ ჩათვლის პატივად.

სცილა-ქარიბდას შორისაც კი ვძვრები სიცილით,

„რისკის ვისკი“ ხომ გაბედულთა დანამატია!..

„ხან ვიფურთხები, ხან ვოცნებობ, ხან ვიღიმები“,

როგორ დაემთხვა ჩემი ფიქრი, ბროდსკის ნაფიქრალს…

ხან მზესთან ვარ და ხან ღამე მყავს ფიქრის მღვიმეში,

და როგორი ვარ, მეც არ ვიცი, აბა, რა გითხრა…

ერთგან ამბობ: „რა ვიცი გულში რა უდევს მერეს”, აღარც ვაპირებ რამის განჭვრეტას“- როგორ ვისწავლოთ ადამიანებმა „აქ და ახლა“ ცხოვრება?

– წარსული შენი ყოფნის სახლის საძირკველია, მომავალი – ღია ფანჯრები, საიდანაც სულ მოჩანს გზა, საით მიმავალი? ჯერ არ იცი… ჭერი და კედლები კი აქ და ახლაა, რომლის გააზრებაც ხშირად გვიჭირს ან დრო არ გვრჩება ამისთვის. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „აქ და ახლაში“ ყოფნა სხვა სიმძაფრით დავინახე და დავაფასე. ეს ახლა, ხვალ უკვე „გუშინ“იქნება, ამიტომ ვცდილობ, რომ უკეთ დავამუღამო დღე, რომელიც ჯერ არ გასულა. ისე, დრო, საინტერესო „ვინმეა“, კერძო დეტექტივივით გაკვირდება და სულ რაღაცას ინიშნავს ჩემზე, შენზე, ჩვენზე… ამიტომ დროს ყოველთვის ვაძლევ ჩემი ცხოვრების შეფასების დროს…

 

თეონა გოგნიაშვილი