„ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი მწერალი,“ „თავსაფრიანი დედაკაცის“ ავტორი, უბადლო ნოველისტი, უაღრესად ჰუმანისტური იდეალების გამომხატველი შემოქმედი, ქართული იმპრესიონისტული პროზის ფუძემდებელი, მეოცე საუკუნის ერთ – ერთი ყველაზე დიდი ქართველი პროზაიკოსი – ნიკო ლორთქიფანიძე.
29 სექტემბერი ნიკო ლორთქიფანიძის დაბადების დღეა. ეს კი მისი უკვდავი ნოველაა „იყიდება საქართველო“ რომლის წაკითხვა ნებისმიერ დროსა და სივრცეში, ნებისმიერ ადამიანში განსაკუთრებულ განცდებს ბადებს…
„იყიდება საქართველო მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით,მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით. ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული. იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში,მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში. იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით. იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!“