სამი მთავარი არჩევანი და ხალხმრავალ ადგილებში დაწერილი ლექსები

თავისი პროფესია, პირველ რიგში, ექსტრემისა და ადრენალინის გამო უყვარს. იყო დრო, როცა მიუხედავად რისკისა, ადამიანის უფლებათა ცენტრში მუშაობდა. დღელანჩხუთის საკრებულოში მუშაობს და ქალაქის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს.

ჟურნალისტი, უფლებათა დამცველი და საჯარო მოხელე – ნინო მშვიდობაძე ყველა სტატუსში თავისი საქმისა და პრინციპების ერთგულია. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია, მუზასაც უთმობს დროს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ლამაზად რითმავს. 2010 წლიდან კონკურსის „ლექსების გამოფენა” ფინალისტი და სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულია. არის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი.

2023 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოვიდა მისი ლექსების წიგნი “სული ხელისგულზე“. თუ როგორ უთავსებს პოეზიას ყოფით პროზას, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

– ქალბატონო ნინო, დღეს ბევრს ვსაუბრობთ არჩევნებზე, მინდა ეს თემა განვაზოგადოთ და გაიხსენოთ სამი ამბავი, როდესაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეთ…

– პირველი მნიშვნელოვანი არჩევანი მაშინ გავაკეთე, როცა 32 წლის წინ პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, არასწორი ნაბიჯი არ გადამიდგამს. ამ პროფესიამ საკუთარ თავში მნიშვნელოვანი თვისებები აღმომაჩენინა. იმაში დამარწმუნა, რომ გამძლეობის, მოსმენის, სწორი დასკვნების გამოტანის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი მაქვს. მეორე მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება ამოატრიალა, ყველანაირი გაგებით, იყო შეუღლება იმ ადამიანთან, რომელთანაც რეალურად ჩემი ცხოვრების ხანმოკლე, მაგრამ არსებითად, ყველაზე დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი დღეები გავატარე. ჩემი მეუღლე, გია ფირცხალაიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი კაცი გახლდათ. ჭეშმარიტად ქართველი მამულიშვილისთვის უცხო იყო ღალატი, სიყალბე, ტყუილი და ალბათ ამიტომ გაუჭირდა. როცა გია გარდაიცვალა, მივხვდი, რომ არ არსებობს საზღვრები და რომ სიყვარული სიკვდილზე ძლიერია…

მესამე არჩევანი, სავარაუდოდ, თქვენს საქმიანობას უნდა ეხებოდეს…

ოფიციალურ შეხვედრაზე

– დიახ, მესამედ მნიშვნელოვანი არჩევანი მაშინ გავაკეთე, როდესაც საკრებულოს წევრი გავხდი. ვთვლი, რომ ეს ერთდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც და პატივიცაა. მე-18 საუკუნის ფრანგი მეღვინე, ლუი ეშენაუერი წერდა: „ერის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო”. ვფიქრობ, ეს აზრი არა მარტო იმან, ვისაც ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურს, ან პარლამენტარობის კანდიდატმა, საერთოდ, ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს. მიხარია და ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ძლიერ, ერთიან, პასუხისმგებელ გუნდს, რომელიც ქვეყნის წინსვლაზე, მშვიდობასა და ღირსეულ მომავალზეა ორიენტირებული.

პროფესიული საქმიანობის დროს რომელმა შემთხვევამ დაგამახსოვრათ თავი განსაკუთრებული ექსტრემისა და ადრენალინის გამო?

– მსგავსი შემთხვევა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. იმ დროს, წინა ხელისუფლების მიერ როგორც არასანდო ადამიანი, უკვე გათავისუფლებული ვიყავი საჯარო სამსახურიდან. ჩემი ოჯახი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ერთდროულად სამ სააგენტოში დავიწყე მუშაობა. მათ შორის Human Rights Watch-ის ინტერნეტგამოცემაც იყო. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემოზე ჟურნალისტური კონკურსი გამოაცხადა. გადაწყვეტილება მივიღე, რომ ლანჩხუთში არსებულ სიტუაციაზე სტატია მომემზადებინა, რაც მაშინ დიდი რისკი და გამოწვევა იყო. თუმცა სწორედ ეს გახდა ადრენალინისა და ექსტრემის განცდის საბაბი. სტატია საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, თუმცა ღირდა შრომად რადგან იმ კონკურსში გამარჯვება მე მერგო.

საოცარ ლექსებსაც წერთ, როგორ უთავსებთ პოეზიას ცხოვრებისეულ პროზას?

– კარგი კითხვაა. ვფიქრობ, პოეზია ჩემი სულიერი თავშესაფარია. რაკი სიხარულსა და სევდას ერთდროულად დავატარებ, არც ცხოვრებისეული პროზის პოეზიასთან შეთავსება მიჭირს. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ არ მიჭირს. სამაგიეროდ, ლექსებში ვერ ვიმალები და საკუთარ ტკივილებსაც საქორწინო შლეიფივით ვიხდენ. იმერეთში, ერთ-ერთ კონკურსზე ათეულში საოცარ ადამიანებთან ერთად გავედი და ჩემთვის ესეც დიდი მიღწევა იყო. ჩემთან ერთად ბადრი სულაძე, კახა შალამბერიძე და ნატა ვარადა იყვნენ. ექსკურსიის შემდეგ პოეტების დაჯილდოების დროს გავიგე, რომ თურმე ჩემმა ლექსმა მეორე ადგილი აიღო.

– ვიცი, რომ სხვა კონკურსებზეც მიიქციეთ ყურადღება…

ვიყავი კონკურსის „ქუჯი” ფინალისტი და მესამე ადგილის მფლობელი, მეორე ადგილი დავიმსახურე კონკურსში „მოდინახე”, ასევე მეორე ადგილი კონკურსში „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი”. კონკურსში „ხვარამზე” ორგანიზატორების სპეციალური პრიზი და „ხვარამზეს“ თასი გადმომცეს. ასეთი ამბავი მახსენდება: როცა ახალგაზრდებმა ვახტანგ ჯავახაძეს ჰკითხეს – თანამედროვე პოეტებში ვის გამოარჩევდითო, მან მე დამასახელა. ეს ფაქტი მახარებს, მეამაყება და ამავე დროს დიდ პასუხისმგებლობასაც მანიჭებს.

რომელია ლექსი, რომელიც ყველაზე უჩვეულო გარემოში „გეწვიათ“?

მშობლებთან ერთად

– სხვათა შორის, ლექსებს სულ ხმაურსა და ხალხმრავალ ადგილებში ვწერ ხოლმე. იმ დროს ჩემთვის სიტყვების იქით არაფერი არსებობს. მაგალითად, ლექსი „ფერიცვალება“, რომელიც თქვენს მკითხველს მინდა გავაცნო, წელს დავწერე, ფილმის ყურების დროს:

საქართველოს – ხელისგულისოდენას,

კი არ ვეტრფი,

არც ვიტკივებ,

ვითმენ…

პირჯვარსა სწერს ივერიის სანახებს

მთასა ზედა ფერნაცვალი ქრისტე.

გულში უფლის კვართჩაკრული ქალწული

შეუნახავს სვეტიცხოვლის წარსულს…

მეც იმგვარი სიყვარული ჯვარცმულის

მინდა მქონდეს,

როგორც მცხეთელ ასულს.

დასავლეთში უფლის დედის პერანგი

ასვენია,

ელოდება მლოცველს…

ვერ გხედავ და კვლავ ჯიუტად გეძახი,

შენს ნაკვალევს დაგეშილი მოვსდევ…

ჩემს სამშობლოს – “დევებისგან ნამუხლარს”,

კი არ ვეტრფი,

არც ვიტკივებ,

ვითმენ…

და პირჯვარს სწერს ივერიის სანახებს

მთასა ზედა ფერნაცვალი ქრისტე…

ახლა როგორც ლანჩხუთის მკვიდრს გეკითხებით-რითია გამორჩეული თქვენი რაიონი?

– პირველ რიგში, ხალხით, იუმორით სავსე, ლაღი, მხიარული, გულღია და კეთილი ადამიანებითაა გამორჩეული. ლანჩხუთი ბევრი ცნობილი ადამიანის მშობლიური კუთხეა. ლანჩხუთელი იყო ცნობილი მთარგმნელი ვენერა ურუშაძე, ლანჩხუთელი იყო ქართველ ჟორჟ სანდად წოდებული საფო მგელაძე, ქართული პროზის გამორჩეული ხმა და სტილი- ეგნატე ნინოშვილი; ასევე უნიჭიერესი პოეტი შოთა ჩანტლაძე. მე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლანჩხუთს ვერ იცნობთ, ისე გალამაზებულია. პროექტის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ქალაქის ცენტრი მთლიანად მოწესრიგდა. მმართველობაში მოსვლის დღიდან ხელისუფლება, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი, დარჩენილი პრობლემების მოსაწესრიგებლად ყველაფერს აკეთებს.  მჯერა, რომ საბოლოოდ ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ. მთავარია, მშვიდობა იყოს.

– მშვიდობფასი მშვიდობაძის ქალს უთუოდ გეცოდინებათ…

– 21-ე საუკუნეში მშვიდობის საჭიროებაზე საუბარი თუ მომიწევდა, არც მეგონა. მშვიდობა არის ის, რისკენაც წესით, მთელი ცივილიზებული მსოფლიო უნდა ისწრაფოდეს, თუმცა, როგორც ვხედავთ, პირიქითაა, სამწუხაროდ. ომებს ეწირებიან ადამიანები და რაც ყველაზე უფრო დიდი დანაშაულია, ბავშვები. ამიტომ ვერ ვეგუები და მიმძიმს, რომ დღეს როცა კაცობრიობამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, იმის მტკიცება გვიწევს, რომ მშვიდობა უალტერნატივოა. ახლა, როცა მთელი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული, ჩვენი ხელისგულისოდენა საქართველო მშვიდობის ოაზისია. დაე, მუდამ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და გულებში…

თეონა გოგნიაშვილი