4 – 9 ოქტომბერს, რიგით მეოთხე, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება.
6 დღის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს.
წელს საკონკურსო პროგრამაში იხილავთ 25 ფილმს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები.
საკონკურსო ფილმებს შორის საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს ოქროს დინოზავრს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, რეჟისორი და ოპერატორი.
“ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი მარისა პარედესი. მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს ფილმებს მისი მონაწილეობით, ნაჩვენები იქნება ფილმები: “ჩემი საიდუმლოს ყვავილი”, “სიჩუმე” და “Señores de Gardenia”. მარისა პარედესთან ერთად ფესტივალს ესტუმრება ესპანელი პროდიუსერი ხოსე მარია პრადო.
ფესტივალის ფოკუს ქვეყანა იქნება ესპანეთი, რომელსაც წარმოადგენს ფესტივალის სპეციალური სტუმარი, მსახიობი ევა სივა. რეჟისორი ფოკუსში კი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა პედრო ალმოდოვარია.
2024 წელს სპეციალური ჩვენებებით კინოთეატრსა და ღია სივრცეებში აღვნიშნავთ ქართველი კინემატოგრაფისტების საიუბილეო თარიღებს და ვაჩვენებთ მათ ფილმებს სპეციალურ სექციებში: ნატო ვაჩნაძე 120, თენგიზ აბულაძე 100, სერგო ფარაჯანოვი 100, ლომერ ახვლედიანი 90, ოთარ იოსელიანი 90, რეზო ესაძე 90, მიხეილ კობახიძე 85, ირაკლი კვირიკაძე 85, გიორგი გერსამია 85, გიორგი ბერიძე 70, ტატო კოტეტიშვილი 65, ლიკა ქავჟარაძე 65.
ჩატარდება თანამედროვე მოლდავური მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა და ჩეხური კინოს კლასიკოსის, იან სვანმაიერის ფილმების ჩვენებები.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:
ბრიტანელი რეჟისორი, მსახიობი და თეატრის თეორეტიკოსის ქერენ ჩეპმენ კლარკის მასტერკლასი თემაზე როგორ გამოვიყენოთ თეატრი და კინო სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში.
რეზო გაბრიაძის სახელობის მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარების საერთაშორისო სახელოსნო.
კინოკრიტიკის საერთაშორისო სახელოსნო, რომელსაც გაუძღვება ბრიტანელი კინოკრიტიკოსი ნილ იანგი;
ევროპის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალების წარმომადგენლების პანელ დისკუსია“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალი ჩატარდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით.
ფესტივალის პარტნიორები არიან:
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ესპანეთის წარმომადგენლობა საქართველოში, ჩეხეთის ცენტრი თბილისში, დოკუმენტური კინოს ასოციაცია – DOCA, Arrebato Films, ABK Cinema, კომპანიები ბორჯომი და სარაჯიშვილი, სასტუმროები Rooms და Stamba.