ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები სტუმრობდნენ.
ოთხი დღის განმავლობაში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ 10-ზე მეტ კომპანიასა და მარანს ეწვივნენ, სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს.
ჯგუფის შემადგენლობაში ცნობილი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი იყო, რომელიც საკუთარ პოპულარულ არხზე Asktoni ღვინის სფეროს სიახლეებს და ტენდენციებს გადმოსცემს.
მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენის ProWein Dusseldorf ფარგლებში, ტონი ასკიტისმა სამი პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია „ქართული ღვინის დღე“ გამართა. ტონი ასკიტისი ქართული ღვინოების მრავალფეროვნებაზე საუბრობს და ქვევრის ღვინის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.