თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში, ზუსტად 162 წლის წინ, 1862 წლის 11 სექტემბერს(29 აგვისტო) მწერალი დავით კლდიაშვილი დაიბადა.
ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფელ ხომულში გაატარა. დედამისი კესარია ღოღობერიძე იყო ხომულელი შეძლებული აზნაურის, ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი, მამა სამსონ კლდიაშვილი – აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.
7 წლის დავით კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. ამის შემდეგ მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა. ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა . ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გაამწესეს ბათუმში, სადაც დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა. 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.
დავით კლდიაშვილი ჯერ კიდევ სრულიად პატარა იყო, როდესაც კალამი აიღო ხელში და წერა დაიწყო. წერა რომ დაუწუნეს სხვის თარგმნას მიჰყო ხელი. ნიკო ლომოურის „ალი“ გადათარგმნა რუსულად. 1885 წელს ჟურნალში „თეატრი“ პირველად დაიბეჭდა მისი თარგმანი. ამას მოჰყვა ორიგინალური ნაწარმოებები. მოთხრობები „შერისხვა“ და „მსხვერპლი“ დავით კლდიაშვილის ლიტერატურული დებიუტია. სოფლის ცხოვრება ძირითადი თემაა მწერლისა.
დავით კლდიაშვილმა საკუთარ ნაწარმოებებში იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ასახვა დაიწყო – „სოლომან მორბელაძე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „ბაკულას ღორები“, „როსტომ მანველიძე“…
დავით კლდიაშვილი იუმორის ბუნებრივი გრძნობით, დაკნინებული აზნაურის ცხოვრების მხილებით ქმნიდა საინტერესო და კომიკურ სურათებს.