6 სექტემბერს ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის – „ანტიკვარიატის” – პრემიერა გაიმართა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ფილმის შემოქმედებითი გუნდისა და არაერთი მხარდამჭერის ძალისხმევის შედეგად ვენეციის ფესტივალმა შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება ფილმის ჩვენებების (28 და 30 აგვისტო) გაუქმებასთან დაკავშირებით და ფილმის პრემიერა საბოლოოდ 6 სექტემბერს გაიმართა.

„მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, პრემიერა სავსე დარბაზში წარიმართა. დამსწრე საზოგადოება ფილმს მხურვალე ტაშითა და დიდი ემოციით შეხვდა.

რუსუდან გლურჯიძის 2024 წლის ნამუშევარი აღწერს 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეთნიკური ნიშნით ქართველთა მასობრივ უკანონო დეპორტაციას; ფილმი ასევე მოგვითხრობს ქართველი მიგრანტების იმედებსა და მისწრაფებებზე უცნობ სამყაროში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს საქართველომ სტრასბურგის ადამიანების უფლებების სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოიგო დავა და დაამტკიცა რუსეთის ბრალეულობა ქართველი მიგრანტების მიმართ. ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმის ჩვენების აღდგენა ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს და მტკიცედ იცავს საქართველოს ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე“, – ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ანტიკვარიატი” არის საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიისა და ფინეთის კოპროდუქცია. ეს არის გულის ამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში. ფილმი შთაგონებული იყო 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტირებით.

მთავარ როლებს ასრულებენ: სალომე დემურია, სერგეი დრეიდენი, ვლადიმერ დაუშვილი და ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ სალომე დემურია 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის სწორედ რუსუდან გლურჯიძის ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.

ანტიკვარიატივენეციის ფესტივალირუსუდან გლურჯიძე