პოპულარული შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტროტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეო რგოლს ავრცელებს.
ბრიტანელი შეფმზარეული Facebook-ზე, Iinstagram-სა და Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეორგოლით საქართველოში კულინარიულ მოგზაურობას აღწერს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჯეიმი ოლივერი გავლენიანი პლატფორმებით საქართველოს პოპულარიზაციას უწევს.
შეფმზარეული სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ვიდეოებს, სთორებსა და ფოტოებს ტვირთავს.
„აქ იხილავთ საქართველოში ჩემი მოგზაურობის შესახებ საოცარ კულინარიულ ეპიზოდებს. როდესაც თქვენ გესაუბრებით კერძებისა და ღვინის შესახებ უნდა დამიჯეროთ, ეს მართლაც განსაკუთრებულია. აქ წარმოდგენილია: ბაზრები, სუფრები, რესტორნები, მცხობლები. აქ ყველგან აღმოაჩენთ სავსე სიყვარულსა და სიხარულს, რაც გამოწვეულია გემრიელი კერძების მომზადებითა და დაგემოვნებით. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორ გამოვარჩიო ფავორიტი კერძი. ვფიქრობ კვლავ დავბრუნდე (საქართველოში) და კიდევ ერთხელ დავაგემოვნო კერძები. ახლა ერთი სული მაქვს ჩემს სამზარეულოს მივაშურო და ახალი კერძები მოვამზადო ამ ახალი არომატებისგან“,-წერს ჯეიმი ოლივერი სოციალურ ქსელში.
ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. ბრიტანელი შეფმზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ჯეიმი ოლივერი ადგილობრივ შეფმზარეულობს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა.
ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფმზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფმზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.