საქართველომ პარალიმპიადაზე მეხუთე მედალი მოიპოვა – ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცეჩემპიონია. მან ფინალი უზბეკ შერზოდ ნამაზოვთან დათმო და საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია. ნახევარფინალში მან ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იპონით დაამარცხა და ფინალში მოხვდა.
ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცეჩემპიონია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.
ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის უკვე ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ზურაბ ზურაბიანამდე ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.