პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების მეოთხე დღეს ორმა ქართველმა პარასპორტსმენმა იასპარეზა.
გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა მძლეოსანმა ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
გიგა ოჩხიკიძის მოპოვებული ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების ისტორიაში მეექვსე მედალია. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე R5 კატეგორიაში პნევმატური შაშხანის 10 მეტრზე სროლაში იასპარეზა ლადო ჭინჭარაულმა. მან 632,4 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინალში ასპარეზობის უფლება რვა საუკეთესო შედეგის მქონე პარასპორტსმენმა მოიპოვა.
ქართველი პარამსროლელი 4 სექტემბერს R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაშიც იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ლადო ჭინჭარაული 2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი სწორედ R9 კატეგორიაში გახდა.
2 სექტემბერს პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენები არ იასპარეზებენ. მედლებისთვის ბრძოლაში 3 სექტემბერს ჩაერთვებიან ეტლით მოფარიკავეები ირმა ხეცურიანი (ხმლით ფარიკაობა, კატეგორია B )და ნინო თიბილაშვილი (ხმლით ფარიკაობა, კატეგორია A).
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე.