მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, ანუ მარიამობა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია.
საეკლესიო გადმოცემიდან მიხედვით, ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნდა მიეტანათ.
წმინდა მარიამი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს. იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მასთან მოციქულებსა და მოწაფეებს მოუყარა თავი. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა საუსუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.
ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის ნეშტი სიონიდან გეთსიმანიის ქვაბულში გადაასვენეს და აკლდამაში დაკრძალეს.
ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა ნეშტისთვის თაყვანი ეცა. წმინდა მოციქულები და გადაწყვიტეს, თომასთვის ღვთისმშობლის წმინდა გვამის ხილვისა და თაყვანისცემის საშუალება მიეცათ. გახსნეს საფლავი, მაგრამ პატიოსანი გვამი აღარსად იყო. აკლდამაში მხოლოდ ტილოები ეწყო და მათგან საოცარი სურნელი იფრქვეოდა. მოციქულები ღვთისმოშიშებით ეამბორნენ საფლავში დარჩენილ სუდარას, გაიხსენეს მაცხოვრის აღდგომასთან დაკავშირებული მოვლენები და შინ გულდაწყვეტილები დაბრუნდნენ, ეგონათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვეღარასოდეს იხილავდნენ, მისი ნუგეშისა და თანადგომის გარეშე დარჩებოდნენ.
იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი. როდესაც ანგელოსთა გალობის ხმა გაისმა. ანაზდად ყველამ ზემოთ აიხედა – ცის სივრცეში დიდებით გაბრწყინებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადათ. ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა მარადის ქალწულმა ასე მიმართა მოციქულებს: “გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა”. “ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ!” – შესძახეს გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა.
მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი.
“გადიდებთ შენ ყოვლადწმინდაო დედაო ქრისტეს ღვთისა ჩვენისაოდა ყოვლად დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთ”