2024 წლის 27 აგვისტოს 1924 წლის აჯანყებიდან ასი წელი სრულდება.
27 აგვისტოს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ექსკლუზიური მასალების გამოფენა.
გაიმართება 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოცემის პრეზენტაცია. წიგნი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით გამოსცა.
„ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1924 წლის აჯანყების შესახებ არაერთი საინტერესო ფოტო და დოკუმენტური მასალაა დაცული, რომლებიც ამ თარიღისადმი მიძღვნილ გამოცემაშია თავმოყრილი. წიგნში ასევე შევიდა აჯანყებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით მომზადებული პუბლიკაციები.
საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ 1924 წლის აჯანყება სისხლში ჩაახშო. მას ასობით ადამიანი შეეწირა, ზოგი ციხის, ზოგი კი გადასახლების გზას გაუყენა.
მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ერმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ამდენად, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.