გიორგი (გოგი) ცაბაძე 1924 წლის 24 აგვისტოს დაიბადა თბილისში, მრავალშვილიან ოჯახში, მას ორი ძმა და ორი და ჰყავდა. მისი ოჯახი 30-იანი წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მამამისი – გაბრიელი დახვრიტეს, ოჯახის ქონება კი კონფისკაციას დაექვემდებარა.
პატარა გოგი ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. თუმცა, სახიფათო გასართობმა მას ფეხი დააკარგვინა. ის ტრამვაის კიბეზე ახტა, კართან მდგომმა კონდუქტორმა ქალმა კი მთელი ძალით ჰკრა ხელი, ბიჭმა თავი ვერ შეიმაგრა. ტრამვაიდან გადმოვარდა და ბორბლებში მარცხენა ფეხი მოჰყვა.
ამ ამბის შემდეგ მას პიანინო შეუძინეს და მუსიკალურ სკოლაშიც შეიყვანეს. ცაბაძემ ხუთ წლიანი სკოლა ორ წელიწადში დაამთავრა. ფორტეპიანოზე დაკვრასა და სიმღერასთან ერთად, გოგიმ მუსიკის წერაც დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
მუსიკალური ხუთწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა კონსერვატორიაში, იონა ტუსკიას ჯგუფში განაგრძო. თუმცა კონცერტების გამო, ხშირად უხდებოდა ლექციების გაცდენა და რადგან იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, სწავლას თავი დაანება. გოგიმ კონსერვატორია მოგვიანებით, მეუღლის თხოვნით, 32 წლის ასაკში დაამთავრა…
გოგი ცაბაძე იყო ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
მისი პირველი სიმღერა იყო „მარი,” რომელსაც მერი შილდელი ასრულებდა. ამას შემდეგ კომპოზიტორი ერთმანეთზე უკეთეს ნაწარმოებებს ქმნიდა. გოგი ცაბაძის შემოქმედება, ძირითადად, პეტრე გრუზინსკისა და მორის ფოცხიშვილის პოეზიას დაუკავშირდა. ისინი მისი განუყრელი მეგობრები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი.
როდესაც ეკრანებზე გიორგი შენგელაიას პირველი ქართული (და პირველი საბჭოთა) მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები” გამოვიდა, გიორგი ცაბაძის სიმღერებს მთელი საქართველო მღეროდა.
სიცოცხლის ბოლოს მან აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყო – კომპოზიტორი თავად უკრავდა და მღეროდა პოპულარულ სიმღერებს. გოგი ცაბაძე სცენაზე, სიმღერისას გარდაიცვალა. ხალხით სავსე თეატრში სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მომღერლები. ბოლო სიმღერა გოგი ცაბაძემ იმღერა. დარბაზში ჯერ ისევ ოვაციები ისმოდა, კულისებში გასულ ცაბაძეს კი გულმა უღალატა და გარდაიცვალა.
პოეტმა მორის ფოცხიშვილმა მის დაკრძალვაზე ბრძანა: „ქუდები მოიხადეთ, უკანასკნელი ყარაჩოღელი ემშვიდობება თბილისს!“