საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2018 წლის 21 ივნისის სხდომამ განაჩინა დიაკონ სევერიან ბერიძის წმიდანად კანონიზირება. ხსენებული სხდომის ოქმში ვკითხულობთ:
“ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააყენა საკითხი დიაკონ სევერიანეს (ერისკაცობაში ხასან ბერიძის) კანონიზების შესახებ.
კრებამ მოისმინა მამა სევერიანეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და სასწაულები.
კრებამ დაადგინა: დიაკონი, მამა სევერიანე შეირაცხოს წმინდათა დასში და ეწოდოს: წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი და მისი ხსენების დღედ დადგინდეს გარდაცვალების დღე, – 9 (22) აგვისტო.
მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ!”
დიაკონი სევერიანე ერისკაცობისას გახლდათ მუსლიმი. იგი იყო პირველი მუსლიმი აჭარელი, რომელიც ქრისტიანობას დაუბრუნდა და ნათელ-იღო ყოვლადწმიდა სამების სახელით, გასული საუკუნის სამოციან წლებში. იგი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში და ასობით მუსლიმი გააქრისტიანა.