საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს

ფინეთი ამერიკული ფეხბურთის უკონტაქტო ვერსიაში – ფლეგ-ფეხბურთის სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.  ტურნირში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები.

მსოფლიოს ჩემპიონატში 32 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს. მასთან ერთად ამ ჯგუფში არიან ევროპის ახლანდელი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, ასევე – დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ნაკრებები.

ტურნირი ტარდება ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IFAF) ეგიდით. გუნდები რვა ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეიოფებში გააგრძელებს ასპარეზობას. მსოფლიოს ჩემპიონატი 27-30 აგვისტოს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობის უფლება 2023 წელს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. ამ ჩემპიონატზე პირველად გამოსულმა ქართველმა სპორტსმენებმა მე-16 ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება, ამერიკული ფეხბურთი სწორედ ფლეგ-ფეხბურთის ვერსიით იქნება წარმოდგენილი და მის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

#11 – საბა გოგატიშვილი;

#9 – ლაშა უნგიაძე;

#7 – ალექსანდრე გაგოშიძე;

#87 – საბა კვერნაძე;

#14 – ანრი სიმსივე;

#3 – საბა კაპანაძე;

#23 – გიგი ყურაშვილი;

#88 – პაპუნა სონგულია;

#89 – ნიკა ოსიაშვილი;

#13 – ირაკლი გულორდავა;

#5 – ზაზა ქარჩილაძე;

#10 – ვატო აღაჯანაშვილი;

ნაკრების მთავარი მწვრთნელია ამირან ქირია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს ასეთი განრიგით:

27 აგვისტო, 11:30

  საქართველო-დიდი ბრიტანეთი;

27 აგვისტო, 17:45

  საქართველო-გერმანია;

28 აგვისტო, 11:30

  საქართველო-შვედეთი.

28 აგვისტოს 16:30 საათიდან პლეიოფების გათამაშება დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა  და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მონაწილეობს.